Annadrouli's Blog

მარტი 15, 2011

ალოპე ჩვენში

ალოპე ბერძნული მითოლოგიური გმირია. ზევსზე, პოსეიდონზე, ჰერასა თუ ჰერაკლეზე ბევრად უცნობი და სამწუხაროდ, ბევრად ახლობელი, ყოველ შემთხვევაში, ახლა.

ალოპე ლამაზი სახელია. აი, ამბავი მასზე კი საშინელი და ალბათ, ყველა დანარჩენ მითზე რეალური: მეფე კერკიონის ქალიშვილმა პოსეიდონისგან მალულად გაჩენილი ახალშობილი ტყეში გადააგდო, ბავშვი მწყემსებმა იპოვეს და კერკიონს მიუყვანეს. განრისხებულმა მეფემ ალოპე სასიკვდილოდ გაიმეტა, უკანონო შვილიშვილი კი მანაც უარყო. ორჯერ უარყოფილ ბიჭს მწყემსები გაზრდიან და მეფეც გახდება, თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა, არა ალოპესი და კერკიონის.

„კალოუბნის ქუჩაზე ნაპოვნი ჩვილი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს“, „აფრიკის დასახლებაში მდებარე ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ჩვილი, რეანიმაციიდან ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში გადაიყვანეს“, „თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე ნაპოვნი ჩვილი გადარჩენილია“, „ნაგავზე ნაპოვნ ჩვილს გადაგდებამდე აბაზანაში ახრჩობდნენ“, „ქერჩის ქუჩაზე გარდაცლილი ჩვილი იპოვეს“, -აქ ჩვილი სულაც არ არის ტავტოლოგია, ეს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას მომხდარი მსგავსი ქმედებების ჯაჭვია, ეს თანამედროვე ქართველი ალოპეების და კერკიონების ამბებია, ანუ ჩვენი.

„ერთი ადამიანის სიკვდილი უბედურებაა, ხოლო ბევრის – სტატისტიკაო“- ბრძანა არცთუ ძალიან კეთილმა. როცა უბედურება შემაშფოთებელ სტატისტიკად იქცევა, დამნაშავე ყოველთვის გაცილებით მეტია ვიდრე კონკრეტული ადამიანი, ისევე როგორც, პოტენციური მსხვერპლი. თუმცა ჩვენ კონკრეტული დამნაშავეების აღმოჩენა და დასჯა უფრო მოგვწონს, დასჯის მეთოდად კი ყველაზე ხშირად – ლინჩის წესი. სწორედ ამ დროს, აღშფოთებული ხალხის, „მელინჩეების“ თვალებში, სიტყვებში, საქციელში ამოიკითხება ყველაზე კარგად მკვლელის თუ მიმტოვებლის გზა დანაშაულამდე, გზა, რომელიც მხოლოდ მას არ შეუქმნია.

რათქმაუნდა, ძალიან მარტივია მომხდარი მხოლოდ მშობლის ფსიქიკურ არამდგრადობას, გაუსაძლის ეკონომიკურ პირობებს, დეპრესიულ ფონს ან უბრალოდ თანდაყოლილ სისასტიკეს დააბრალო. თუ შენთვის მთავარი პრობლემის ფასადური მოგვარებაა. მე არ მჯერა, რომ მკვლელებად იბადებიან, განსაკუთრებით დედები. სამაგიეროდ ვფიქრობ, რომ ძალადობა შობს ძალადობას. ვართ თუ არა ჩვენ მოძალადე საზოგადოება?! – სტატისტიკა ამბობს, რომ კი!

საზოგადოების დამოკიდებულებას ამა თუ იმ მოვლენის მიმართ ყოველთვის განსაზღვრავს უმრავლესობა. აი, როგორც არჩევნებში – იმარჯვებს ერთი კანდიდატი ხმათა უმრავლესობით. ჩვენ დიდი ხანია გადავწყვიტეთ, რომ მარტოხელა დედობა, ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენა საშინელი ამორალობაა და დედა-შვილი შეურაცხყოფისთვის, დაცინვისთვის გავწირეთ და გავრიყეთ. ყველაზე ხშირად ამ დამოკიდებულებას რელიგიური მოტივებით ამართლებენ: ქორწინების გარეშე სექსუალური ურთიერთობა და ბავშვის გაჩენა ცოდვაა. თუ კომუნისტების დროს ჯვრისწერის აკრძალვას გავითვალისწინებთ, აღმოჩნდება, რომ ამ არგუმენტით შეიარაღებულების უმრავლესობა ზუსტად ისევე სცოდავს ღმერთის წინაშე, როგორც მათგან შერისხულები, რადგან სწორედ ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულების შემდეგ ითვლება წყვილი დაქორწინებულად და ბავშვი კანონიერად. სამოქალაქო ქორწინება ეკლესიისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ასეც რომ არ იყოს, რელიგიის სახელით, რომლის ძირითადი თეზისი, რწმენა, სიყვარული, სინანული, მიტევება და თანადგომაა, იმ ქმედებების გამართლება, რომელიც დედას ჯერ არდაბადებული ან უკვე გაჩენილი შვილის მკვლელობისა თუ მიტოვებისკენ უბიძგებს, გაცილებით ამორალურია. რელიგიის საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობაზე მორგება რწმენის დიდი დეფიციტის პირდაპირი გამოხატულება, რათქმაუნდა, ჭეშმარიტი რწმენის.

ზნეობრიობა და მორალი, კიდევ ერთი მყარი ფარია. ზნეობრივი და მორალური ბებია-ბაბუები, ბიძები, მეზობლები, ნათესავები, უბრალოდ, გამვლელები, თითოეულ „ნაბიჭვარში“ მეობის, შეგნების, ტრადიციის, რეპუტაციის დაკარგვის საფრთხეს ხედავენ და ერთისაკენ მიპყრობილი ზიზღიანი თუ აგდებული მზერით სხვებსაც აფრთხილებენ, აშინებენ და გზასაც უკაფავენ დანაშაულამდე…

თუმცა, ყოველი განწირული და ხელნაკრავი ჩვილი, ბევრად ამძიმებს მომდევნო ელოპეების, ამავე საზოგადოების წევრების დანაშაულს, რომლებმაც ზუსტად იციან მენტალობისთვის მიუღებელი თავისუფალი ურთიერთობების და მისი ნაყოფის ბედი და უპასუხისმგებლოდ რისკავენ წინასწარ წაგებულ თუ თავიდანვე დათმობილ ომში. წესების მხდალი დამრღვევები საზღაურს გაცილებით მძიმე და საშინელი დანაშაულით იხდიან.

მე არ ვიცი, რომელი უფრო დამნაშავეა, მამა თუ შვილი, ბევრი თუ ერთი. უბრალოდ, როცა საქმე ახალ სიცოცხლეს ეხება, დაუშვებელია მისი მომავალი ინდივიდის გამბედაობას, კეთილგონიერებას და სიძლიერეს მიანდო, შენ კი მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდე და აღშფოთდე, როცა ტრაგედია მოხდება. მერე კი, იგივე დამოკიდებულებით მომავალი ტრაგედიის მსხვერპლი და დამნაშავე შექმნა.

ყოველი სისუსტე – მათი, ყოველი ამპარტავნება – ჩვენი, კალოუბანზე, ცაბაძეზე, ანჯაფარიძეზე, ნაგავსაყრელზე, ლიფტსა თუ მშენებლობაზე ჯერ კიდევ ცოცხალი თუ უკვე გარდაცვლილი ჩვილების აღმოჩენად გვიჯდება – მსხვერპლად, რომელიც ვერასდროს იქცევა მშრალ სტატისტიკად.

Create a free website or blog at WordPress.com.