Annadrouli's Blog

ივნისი 27, 2010

ღია კარების მისტიკა

„მოსავალი ცუდი მოსავლის შემდეგაც უნდა დაითესოს“, არჩევნები „ცუდი“ არჩევნების შემდეგაც უნდა ჩატარდეს, გამარჯვებისთვის დამარცხების მერეც უნდა იბრძოლო, იმედები იმედგაცრუების მიუხედავად უნდა კვებო და განაახლო, ღია კარები ხანდახან უფრო ფართოდ უნდა გააღო, შენთან რომ მოვიდნენ ან მათთან რომ გახვიდე…

მისვლა–მოსვლა – სიტყვებში ერთი ასოს სხვაობა რეალობაში ხშირად გარდაუვალი და დაუძლეველი დაბრკოლება ხდება. მისვლა ცოტას თუ უნდა, უფრო მასპინძლის როლით იხიბლებიან(მასპინძლობა უფლებას გაძლევს საკუთარი პრიორიტეტები, წესები, მოთხოვნები დააყენო). შედეგად, ქართული პოლიტიკური სპექტრი ღია კარებში(ით) ცხოვრობს, საზოგადოება კი – „ზღაპრული“ არჩევნის წინაშე: მარჯვნივ წახვალ – ცოცხალი დარჩები, მარცხნივ წახვალ – მოკვდები, პირდაპირ წახვალ – სიმდიდრეს იშოვნი(ეს ყველაზე უკეთესი ვარიანტია, უმეტეს ზღაპარში სამივე გზა სიკვდილს გვპირდება და ყველაფერი, მიუხედავად არჩევანისა მთავარი გმირის გონიერებასა და იღბალზე ხდება დამოკიდებული).

ამბობენ, გმირების და ბელადების დრო დამთავრდაო. ახლა საერთო იდეის და მიზნების ირგვლივ ხდება ან ცდილობენ გაერთიანებას, მიზანი პრინციპში ერთია – ხელისუფლების შეცვლა(ამბობენ, იმიტომ, რომ მათთვის არა მარტო კონკრეტული ადამიანები არიან მიუღე3ბელნი, არამედ ის სახელმწიფოც, რომლის აშენებასაც „გვთავაზობენ“ და აშენებენ). იდეების შეჯერებაც თავისუფლად შეიძლება: ცვლილებები საარჩევნო გარემოში, რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ყოფილი სახალხო დამცველის „ქართული იდეა“ კი გაცილებით ფართო და მრავლისმომცველია, შესამუშავებელმა დოკუმენტმა ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნება, პროგრესი, უსაფრთხოება, მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის ადგილი უნდა განსაზღვროს.

კარგი და საჭირო იდეააო, ამბობენ, თან იმაშიც გვარწმუნებენ მთელი ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეობა ისედაც ამ იდეებზე იყო დაფუძნებული, ბატონ სოზარს ახალი არაფერი უთქვამს, ეს ხომ ჯერ კიდევ დიდმა ილიამ ბრძანაო. ამ ამბავმა პაულო კოელიოზე ატეხილი აჟიოტაჟი გამახსენა. ჩემ ირგვლივ ბევრი დასცინოდა კოელიოთი გატაცებულ ახალგაზრდებს: მაგათ ეტყობა მარკესი არ წაუკითხავთ, თორემ როგორ მოეწონებოდათ, კოელიო ხომ დიდი კოლუმბიელის გამარტივებული კალკიაო. კი ბატონო, ბევრ მათგანს არ ჰქონდა მარკესი წაკითხული(მათ შორის ბევრი, ალბათ, არც არასდროს წაიკითხავდა), ჰოდა, თანამედროვე სიმარტივით დაწერილი წიგნებიდან თუ იმის ნახევარს მაინც იგრძნობდნენ და იფიქრებდნენ, რაც თქვენ დიდი და რთული ნაწარმოებების კითხვით მოახერხეთ, დასაცინი რატომ იყო დღემდე ვერ მივმხვდარვარ. ასე რომ პირადად ჩემთვის, ამ იდეის პოლიტიკოსებისგან მხოლოდ იმიტომ დაწუნება, რომ უკვე ნათქვამის და დაწერილის ბაზაზეა დაფუძნებული მიუღებელია, სულ სხვა საქმეა საზოგადოებაში გაჩენილი და გასაჩენი შეკითხვები, პროექტის ავტორების და პროექტის განვითარების მიმართ.

მოკლედ, „ქართული“ თუ სხვა, ერის გამთლიანების მისია დაკისრებული იდეების გამართლება–არგამართლებაზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა. უბრალოდ, როცა ყველა გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს და საზოგადოებას(მრავალჯერ იმედგაცრუებულს) საკუთარი მოქმედებებით და განცხადებებით თავადვე უჩენენ ეჭვებს ერთიანობის შესაძლებლობაზე, ნიჰილიზმის და შემგუებლობის გაზრდა მხოლოდ მთავრობას არ უნდა დაბრალდეს. ეჭვები კი ისეთივე ცხადია, როგორც საქართველოს გერბის წარწერა „ძალა ერთობაშია“. მინუს და პლიუს ფორმულები, ცოტნე დადიანობის მოთხოვნა იმ ადამიანისგან, რომლისგანაც ასეთი საქციელი ყველაზე გულუბრყვილოსთვისაც კი წარმოუდგენელია, იმის ნათელი დადასტურებაა, რომ რეალობაში ერთიანი ფრონტის შექმნა თითქმის წარმოუდგენელია, იდეის საჭიროება და მართებულობა კი ვერავის ავიწყებს ავტორის წარსულს და შეცდომებს. ასე რომ უფრო მოსალოდნელი, ალბათ, პარტიების რამდენიმე ჯგუფად და მხარედ გაერთიანებაა, საზოგადოება ისევ დადგება გზაჯვარედინის წინაშე, უკეთესი გზის არჩევა სამწუხაროდ, გონიერებაზე მეტად იღბალზე იქნება დამოკიდებული. ხალხი ბრძენი ან ბრბო კი იმის მიხედვით, ვის როგორ აწყობს და სჭირდება. ისე ოპოზიციასა და ხალხს შორის ერთი დიდი განსხვავებაა. ოპოზიცია ხშირ შემთხვევაში იდეასაც იწუნებს და ერთმანეთსაც, ხალხს მოსწონს იდეა და არ მოსწონს გამხმოვანებელი, ის ვის გერდითაც თვითონ უნდა იქცეს შემსრულებლად. გამოსავალი ნეტავ რაშია?!

„მოსავალი ცუდი მოსავლის შემდეგაც უნდა დაითესოს“, არჩევნები „ცუდი“ არჩევნების შემდეგაც უნდა ჩატარდეს, გამარჯვებისთვის დამარცხების მერეც უნდა იბრძოლო, იმედები იმედგაცრუების მიუხედავად უნდა განაახლო, ღია კარები ხანდახან უფრო ფართოდ უნდა გააღო, შენთან რომ მოვიდნენ ან მათთან რომ გახვიდე… – ოღონდ ეს ყველაფერი უკეთესი მოსავლისთვის, უკეთესი არჩევნებისთვის და უკეთესი მომავლისთვის!

მაისი 7, 2010

ვისია, ვისია ქალი(კაცი) ლამაზი?!

ამბობენ, პოლიტიკა ბინძური საქმეაო. იმდენად ხშირად ამბობენ და არა მარტო ამბობენ, რომ ამ ბოლო დროს ჩემი თავიც გასვრილი მგონია: ყურებით, მოსმენით, ქმედებით თუ უმოქმედობით გასვრილი. თუმცა, მზრუნველმა პოლიტიკურმა პარტიებმა სიბინძურის შეფარვის მშვენიერ ხერხს მიაგნეს, თუ ქალაქში ავარიული და სარემონტო კორპუსები ფერადი ფასადებით გვატყუებენ, პარტიებმა თავიანთი წარსული, აწმყო, მიზნები ქართველი „ფეისებით“ გაალამაზეს. „ფეისი“ ცნობილი, წარმატებული, საყვარელი ადამიანია, ადამიანი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ენდობი და მისგან ტყუილს, ღალატს არ ელი.

ნაციონალურმა მოძრაობამ „ფასადობის“ მძიმე ტვირთი ლაშა იმედაშვილს, ზაზა სანაურიძეს, ზაალ სამადაშვილს, ვახტანგ ნაცვლიშვილს, გიორგი ნემსაძეს, ზურაბ გაჩეჩილაძეს(შონზო) აჰკიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს ეს ტვირთად კი არა პატივად მიაჩნია(ერთი–ორს ალბათ, სრულიად გულწრფელადაც), საზოგადოებას, უკვე გამობრძმედილს, ბევრჯერ იმედგაცრუებულს გულწრფელობაზე მეტად ძალდატანების ვერსია აწყობს. ალბათ, ამიტომაც ვრცელდება ხმები: არ უნდოდა, დააძალეს, დაემუქრნენ, შვილი დაუჭირეს, ბიზნესი გაუჩერეს… იმისდამიუხედავად, მართალია თუ არა, ჩვენ გვჯერა, ან გვინდა გვჯეროდეს. ხელისუფლებისგან ასეთ საქციელს მოველით და მივეჩვიეთ, „სახე(ლ)ების“ გამეტება კი გვიჭირს, მათ რომ გაგვიმეტეს იმის დაჯერებაც გვიჭირს.

ინგა გრიგოლია უკვე სახეებით დაკომპლექტებულ, ჟურნალისტურ პარტიას შეუერთდა. პარტიას, რომელსაც ხშირად ხელისუფლების სატელიტად მოიხსენებენ. ინგას ამ ნაბიჯმა, უფრო სწორად, ხელისუფლებისგან იმის დაშვებამ, რომ ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტი ოპოზიციურ პარტიაში გაწევრიანდა, ეჭვები კიდევ უფრო მეტად გააღრმავა.

გიორგი გურგულია და მიხეილ გომიაშვილი კი გია თორთლაძის არჩევანია. მართალი გითხრათ, ყველაზე მეტად სწორედ ამ ადამიანებისგან გამიკვირდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მათ როდესმე პოლიტიკა დააინტერესებდათ, ალბათ ესეც თავდაცვის ინსტიქტია, ჩემი თავდაცვის.

მსახიობები, სპორტსმენები, ექიმები, ჟურნალისტები, მწერლები… მე არ ვიცი რომელი მათგანი მოვა პოლიტიკაში, მაგრამ, ნებისმიერს აუცილებლად უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ყველაფერ იმაზე, რაც მის პარტიას გაუკეთებია, უთქვამს, დაუპირებია. როდესაც შენ, შენი სიაში ყოფნით აფართოებ ნაცნობობის, მხარდამჭერების წრეს პარტიისთვის, როდესაც შენ მისი ლამაზი, წარმატებული, კეთილი სახე ხარ, 2ჯერ მეტად უნდა აგო პასუხი, თუ განსაცდელში შემიყვანე და 2ჯერ მეტი მადლობა უნდა გითხრა, თუ სწორი არჩევანის გაკეთებაში დამეხმარე. შენ როგორ გგონია, რა უნდა ვუთხრა გია როინიშვილს, გიორგი ასანიძეს, ნუგზარ ერგემლიძეს, რუსუდან კერვალიშვილს…?!

პ.ს. ზაალ სამადაშვილი ჩემი ლექტორი გახლდათ. ლექტორი, რომლის ლექციებიც ძალიან მიყვარდა(განსაკუთრებით, როცა რეზო ინანიშვილზე საუბრობდა). ახლა ბატონი ზაალი საკრებულოს თავმჯდომარეა და ალბათ, კიდევ ერთხელ გახდება. ღირდა კი ბატონო ზაალ?! მე თქვენ დაგკარგეთ, როგორც ლექტორი და ვერ გიპოვნეთ, როგორც ქალაქზე მზრუნველი…

და კიდევ, ინანიშვილზე გამახსენდა, ისე ნუ იზამთ, ყველასათვის სათითაოდ გვექნეს სათქმელი: „ ეგ, როგორ მოიდიხარ გოგო?!“

აპრილი 30, 2010

ლამაზ–ქალაქიც, კამორაც…შორია კანუდოსამდე?!

მართალი გითხრათ, აღარ მახსოვს ლამაზ–ქალაქს მერი თუ ჰყავდა, სამაგიეროდ, მარშალი მახსოვს ძალიან კარგად, ის, ბეტანკური…

ლამაზ–ქალაქში ფერად–ფერადი სახლები იდგა, შადრევნები და მოედნები, თამაშობები უყვარდათ ძლიერ, წელიწადის ოთხივე დროის. ქეიფობდნენ დაუღალავად და დრო გაჰყავდათ და დროს მიჰყავდათ…

დრო კამორაში მძიმე იყო და ცოდვიანი. კამორელები კლავდნენ უბრალოდ, უმიზეზოდ ან იმ მიზეზით ფული რომ ჰქვია, ანდა სულაც ძალაუფლება(შეიძლება გაიგივებაც). ხალხს ეშინოდა კედელს ყურები არ ჰქონოდა, როდესაც რამეს ისე იტყოდა. იქ, კამორაში ტირილს და ყვირილს, ვითომ არც იყო, კეთილხმიანი მუსიკა ცვლიდა და კამორაში, დღისით თუ ღამით, ხუთზე თუ ათზე დარაჯი ჰყავდათ შესახსენებლად, რომ ყველაფერი იყო უბრალოდ, გენიალურად.

ახლა ჩემს ქალაქში ღამის პირველი საათია და ყველაფერი გენიალურადაა. თბილისი წინასაარჩევნო მღელვარებით ცხოვრობს, როდესაც ხელისუფლება უფრო მეტი დაბეჯითებით გვიმტკიცებს, რომ დაპურებულნი ვართ და სანახაობასაც მეტი გულმოდგინებით გვთავაზობს. მერი – მერობის კანდიდატი, უშუალო როგორც კუმეო, უამრავ და მნიშვნელოვან გასაკეთებელ საქმეს გვპირდება და არც უკვე გაკეთებულს გვავიწყებს. ასეთი კი მართლაც ბევრია: დაგებული გზები, შეღებილი ფასადები, მომრავლებული სკვერები და შადრევნები, იაფად დაზღვეულები, უფრო მეტი კომპიუტერის და ინგლისურის მცოდნე, უფრო მეტი წყალი და სინათლე… თბილისს ევროპულ ქალაქს ამსგავსებენ…

თუმცა ევროპული ქალაქის კონტექსტში ჩემთვის მიუღებელი და წარმოუდგენელია ის ხარკი, რომელსაც მხოლოდ ქალაქის იერსახის საპირწონედ ვიხდით: მოკლული ახალგაზრდები და გამოუძიებელი, ხშირად გამართლებული მკვლელობები, სამართლის და კანონის არათანაბარი გამოყენება, სატელეფონო მოსმენები და დამფრთხალი საზოგადოება, შოუებით, ცეკვა–თამაშით გადაფარული პრობლემები და ყოველდღე, 12–ზე, 3–ზე, 6–ზე, 9–ზე იმის მტკიცება, რომ ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი გენიალურადაა.

სულ ხუთი გმირი და თიხის ქალაქს, ოცნებას ბევრის კანუდოსი უწოდეს წიგნში. იქ არც ჰალეა, არც გრანდჰალე , არც გრანდისსიმო. თანასწორობა მხოლოდ ფუჭი სიტყვა როდია, იქ არ წარგწყმედენ, სიკვდილი კი ძმათა ხათრით სიცოცხლეზე მეტია ალბათ. ზე მორეირა, ჟოაო აბდო, სანტოსი, კოსტა და დონ დიეგო, სულ ხუთი გმირი და ხალხი მიხვდა, რომ კანუდოსი მონდომებაა მხოლოდდამხოლოდ და მოინდომეს… კანუდოსი ძნელია და შესაძლებელი. უფრო ადრე კი–შესაცნობელი. კანუდოსი, ღირს რომ გეტკინოს, კამორადაც ღირს, ლამაზ–ქალაქად, ალექსანდრო და მიჩინიო ხომ ჰყავდათ მათაც… კანუდოსი სითამამეა და იმის შექმნა, რისი ღირსიც ხარ.

ახლა – ლამაზ–ქალაქი და კამორა, შორია კანუდოსამდე?!

აპრილი 23, 2010

რატომ გვითხრა ამერიკამ და ევროპამ: „ნურას უკაცრავად, ვერ მოგართვით“…

2008 წლის აგვისტოში, ჩემმა ხელისუფლებამ მსოფლიოს რუსეთის ნამდვილი სახე დაანახა: იმპერიული, პირსისხლიანი, აგრესიული და არაპროგნოზირებადი. 2008 წლის აგვისტოში მსოფლიოს „გამოფხიზლებას“ ქართველი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოქალაქეები და ქართული სოფლები ემსხვერპლნენ. ჩემი ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, ფიქრობდა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას და მოუთმენლად ელოდა საერთაშორისო რეაქციას. ელოდა მოძალადის დასჯას, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას და მის სრულ იზოლაციას.

მსოფლიო კი… მსოფლიო აღშფოთდა და ცოტა ხანში „გადატვირთვის“ პოლიტიკაზე შეთანხმდა, რაც არ გულისხმობს მკაცრ, სადამსჯელო ღონისძიებებს. პირიქით, გადატვირთვა იმისთვის დაჭირდათ, რომ ურთიერთობები დაარეგულირონ, გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიონ და თანაარსებობა ნაკლებ კონფლიქტური გახადონ. ახლა ჩვენში ბებერ ევროპას ხშირად ლაჩარს, მოღალატეს, გაზზე გაყიდულს უწოდებენ და გვარწმუნებენ, რომ მათ თითქმის არასდროს უნდა დავუჯეროთ, ხშირად დანანებით ამბობენ, მაკეინს რომ გაემარჯვა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდაო. იქნებოდა კი სხვანაირად, ან უნდა ყოფილიყო?! ყველა ის სახელმწიფო, რომელთა მიმართაც პრეტენზიები გვაქვს, შემდგარი, ჩამოყალიბებული და დემოკრატიული ქვეყანაა დემოკრატიული ღირებულებებით, იმ ღირებულებებით ჩვენც რომ უნდა გაგვეთავისებინა და გვეცხოვრა, ჩვენ ხომ სწორედ ისეთი სახელმწიფოს შექმნა გვინდოდა, სადაც თავს დაცულად და უსაფრთხოდ, საჭიროდ და მნიშვნელოვნად ვიგრძნობდით. ეს რომ არ ან ვერ გამოგვივიდა, ამის კიდევ ერთი დასტური ჩემთვის აგვისტოს ომი და ხელისუფლების გაცრუებული მოლოდინია, გულუბრყვილო მოლოდინი, რომ სხვადასხვა ქვეყნის მმართველები საკუთარ სამშობლოს, მოქალაქეებს იმ რუსეთს დაუპირისპირებდნენ, რომლის სახეც კიდევ ერთხელ დავანახეთ.

საქართველოს მთავრობა მსოფლიოთია იმედგაცრუებული, ჩემი იმედგაცრუების არეალი კი გაცილებით ვიწროა: მე არ ვცხოვრობ იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანების სიცოცხლე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვინმესთვის რამეს დამტკიცება.

აპრილი 15, 2010

96.52.89

2003 წელი – საქართველო. 2004 წელი – უკრაინა. 2005 წელი – ყირგიზეთი. თითოეული ამ ქვეყნისთვის ეს წლები გარდამტეხი უნდა აღმოჩენილიყო. გადაგდებულ მთავრობასთან ერთად უკან, წარსულში უნდა დარჩენილიყო ავტორიტარიზმი, კორუფცია, სიღარიბე, ნეპოტიზმი, გაყალბებული არჩევნები. რევოლუციონერი ქართველები, უკრაინელები და ყირგიზები რევოლუციურ ცვლილებებს ელოდნენ. ელოდნენ, რომ ქვეყანა დემოკრატიული და დასავლური ღირებულებების გზით წავიდოდა. იყო მოლოდინი ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების, წარმატებული რეფორმების. ხალხი ქუჩაში არ გამოსულა მხოლოდ ერთი ლიდერის მეორეთი შესაცვლელად, განსხვავება მარტო გვარებში, გარეგნობაში და ასაკში არ უნდა ყოფილიყო, მთავარი რეჟიმის ცვლილება გახლდათ, რეჟიმის და მსოფლმხედველობის.

საქართველო – მიხეილ სააკაშვილი(96%). უკრაინა – ვიქტორ იუშჩენკო(52%). ყირგიზეთი – ყურმანბეკ ბაკიევი(89%), სწორედ ამ ადამიანებს ანდეს ამომრჩევლებმა საკუთარი და ქვეყნის ბედი. „პროდასავლელებად“ წოდებულ ლიდერებს დასავლეთიც აქტიურად უჭერდა მხარს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა(უკრაინულმა,ყირგიზმა) საზოგადოებამ მზაობა და სურვილი გამოთქვა რეფორმების, რევოლუციის შემდგომი პერიოდი რთული და მტკივნეული რომ იქნებოდა, ეს ალბათ, ძალიან გულუბრყვილო ადამიანების გარდა ყველასთვის გასაგები იყო. ცვლილებები და მით უმეტეს, ფუნდამენტური ცვლილებები ვერაფრით იქნებოდა ყველასთვის მოსაწონი და მისაღები. თუმცა შედეგზე ორიენტირებული რეფორმა, სწორად გათვლილი ვადებით და რესურსებით, საზოგადოებას დაარწმუნებდა გაკეთებული არჩევნის სისწორეში.

საქართველოს მთავრობამ რეფორმები მენტალური ცვლილებებით დაიწყო. ახალ ძალას „ახალი“ ადამიანი სჭირდებოდა. სწორედ ეს იყო, ჩემი აზრით, ხელისუფლების პირველი დიდი შეცდომა, ოღონდ, არა იმიტომ, რომ მენტალური ცვლილებები არასაჭიროდ მიმაჩნია. უბრალოდ, ის სიხისტე, სისწრაფე, სიჯიუტე, რომლითაც ცდილობდნენ ქართველის შეცვლას აუცილებლად გამოიწვევდა უკურეაქციას და ასეც მოხდა. „ჩარეცხილები“, „წითელი ინტელიგენცია“ ძნელი მოსასმენი და გადასახარში აღმოჩნდა იმათთვისაც, ვისაც ეს ეხებოდა და ჩვეულებრივი ქართველისთვისაც, რომელსაც უყვარდა, ენდობოდა და თავისზე მეტად მიაჩნდა ინტელიგენცია. იყო მეორე ფაქტორიც, იმ ახალი სახეების უმრავლესობა, რომლებსაც ძველის ნაცვლად გვთავაზობდნენ საოცარი სისწრაფით ემსგავსებოდნენ წინამორბედებს.

გაცილებით ადვილად წარიმართა „ქურდული“ მენტალიტეტის ნგრევა. სატელევიზიო დაჭერების, შარვალჩახდილი ავტორიტეტების ფონზე, არც ისეთი უძლეველები და ყოვლისშემძლეები გამოჩნდნენ კრიმინალები, როგორიც გვეგონა. სატელევიზიო დაჭერები წარმატებული ხერხი გამოდგა კორუფციასთან ბრძოლაშიც. საზოგადოება დაშინდა და ხშირად, სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი, ქრთამის მიცემას მხოლოდ დაჭერის შიშის გამო ერიდებოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში ძლიერდებოდა აზრი, რომ კორუფცია არსად გამქრალა, უბრალოდ, „სახალხო“ „ელიტარულით“ შეიცვალა და ქრთამის ოდენობა კატასტროფულად გაიზარდა. დაჭერების სერიასთან ერთად აქტუალური გახდა „ჩაშვების ინსტიტუტი“, კიდევ ერთი წყალგამყოფი ხელისუფლებას და ერს შორის, ვერც კანონის და ვერც დასავლური ქვეყნების მაგალითებით აპელირებამ ეს ინსტიტუტი მისაღები და წარმატებული ვერ გახადა.

„გატელევიზორება“ არც შევარდნაძის დროინდელ თანამდებობის პირებს აცდათ. ეკრანებიდან ვხედავდით შეშინებულ, ფერწასულ ადამიანებს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ქვეყანას მართავდნენ. ზოგ მათგანს მიუსაჯეს, უფრო მეტს თანხა გადაახდევინეს. მაშინ არა, მაგრამ ახლა ხშირად ვფიქრობ, ნუთუ ვერ ხვდებოდნენ, რომ ამით პრეცედენტს ქმნიდნენ, საზოგადოება ხომ ამ კადრებს ძალიან კარგად იმახსოვრებდა, ნუთუ არ ეშინოდათ, რომ აქლემი ადრე თუ გვიან მათ კარებთანაც დაიჩოქებდა. ალბათ, შეცდომების გამეორებას არ აპირებდნენ, ან სწორედ ასეთი პრეცედენტი ერჩივნათ.

რეფორმები და მოდენიზაცია განათლების სისტემასაც შეეხო. ერთიანი ეროვნული გამოცდები ხშირად მოჰყავთ წარმატებული რეფორმის ნიმუშად. თუმცა ახლახან თავად მთავრობამ აღმოაჩინა დაშვებული შეცდომები და ახალ მინისტრთან ერთად მოდერნიზაციის ახალი ტალღა დაიწყო. ლოტოტრონით არჩეულ დირექტორებს, მშობელთა საბჭოს, სემესტრებად დაყოფილ საგნებს მანდატურები,წიგნების მაგივრად კომპიუტერები და სავალდებულო ათი გამოცდა დაემატება. წიწილებს კი შემოდგომაზე დათვლიან.

წარმატებულ ცვლილებად მექრთამე პოლიციის პატრულით შეცვლაც მიიჩნევა. ზრდილობიანი და თავაზიანი ფორმიანები დიდი კეთილგანწყობით სარგებლობდნენ, დაცულობის შეგრძნებაც გაცილებით გაიზარდა, გვიან ღამით სიარული ბევრად უსაფრთხო გახდა, აღარც მანქანებს იპარავენ ისე პანტაპუნტით, მაგრამ კანონის დამცველების იმიჯს კანონის დამცველებმა დიდი დარტყმა მიაყენეს, საზოგადოება მზად იყო ეღიარებინა, რომ კარგი და ცუდი ყველგანაა და რეფორმა ეჭქვეშ არ დაეყენებინა, მაგრამ დაუსჯელობის, ან არასაკმარისი დასჯის შეგრძნებამ გაღიზიანება კიდევ უფრო მეტად გაამწვავა. ეს ის შემთხვევაა, როცა ხელისუფლებამ კონკრეტული, მისთვის საჭირო ადამიანების სასარგებლოდ მთლიანად სისტემის რეპუტაცია დააყენა ეჭქვეშ, სამწუხაროდ…

ეკონომიკური რეფორმები, გაზრდილი და დროულად დარიგებული ხელფასები, პენსიები (გადასახადების პარალელურად), ახალი სამუშაო ადგილები, დაგებული გზები, ჭრელად შეღებილი და აშენებული შენობები, მოზიდული ინვესტიციები, ხელსაყრელი ბიზნესგარემო – ზოგისთვის მითი, ზოგისთვის კი სინამდვილე. ვერაფრით ვივიწყებ „საჩუქრების“ სერიებს, მთავრობის სიყვარულით გულანთებული ქართველები ერთმანეთის მიყოლებით, რომ თმობდნენ კერძო საკუთრებებს. არც ინვესტიციას შეწირული კორპუსი დამვიწყებია თაბუკაშვილის ქუჩაზე, კიდევ სონის და კაფე „რუსთაველის“ სკანდალები.

ყველაზე სკანდალური და ხმაურიანი, ალბათ, მაინც მედიის თემაა. „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ რატომღაც მხოლოდ გამარჯვებულებთან ასოცირდება, მისი მფლობელის ვინაობა კარგა ხანია გამოცანად რჩება. „იმედის“ დარბევა და შემდეგ მისი გასხვისება საზოგადოებისთვის სილის გაწვნას გავდა, შორს იყო არა მარტო პატიოსნებისგან, არამედ გონიერებისგანაც. შევარდნაძის დროსვე ათვალისწინებულ პირველ არხს მმართველი და ლოგო შეეცვალა, დაიხურნენ და გაჩნდნენ ახალი ტელევიზიებიც, არაფრისმომცემები და ნერვებისმომშლელები. პრესას ცენზურა ნაკლებად შეეხო, ალბათ, იმიტომ, რომ ქვეყნის მეთაური ჟურნალ–გაზეთების კითხვით დიდად არ ინტერესდება. რამდენიმე დღის წინ ტელემედიას პრეზიდენტმა საჩუქარი გაუკეთა, მერე რა, რომ როგორც აღმოჩნდა საგადასახადო ამნისტიით, ძირითადად ე.წ. სახელისუფლებო არხები იხეირებენ, დავალიანების არმქონე, კრიტიკულად განწყობილი არხები კი დაბრიყვებული პატიოსნის როლში აღმოჩნდებიან.

2003–ში, 2004–ში, 2005–ში ქართველები, უკრაინელები, ყირგიზები ქუჩაში ცვლილებებისთვის გავედით, რისი შეცვლა გვინდოდა ზუსტად ვიცოდით, ისიც ვიცოდით რითი შეცვლა გვინდოდა. 2010 წელი – უკრაინელებმა საპრეზიდენტო არჩევნებში იანუკოვიჩი აირჩიეს, ის, ვისაც 6 წლით ადრე იუშჩენკო არჩიეს. ყირგიზებმა რევოლუციონერი ბაკიევი რევოლუციითვე გაუშვეს. ბევრი ამ ცვლილებებს დროში უკან, შეჩვეულ ლხინში თუ ჭირში დაბრუნების სურვილად მიიჩნევს, ბევრი მესამე ძალის ჩარევის წარმატებულ მცდელობად, ზოგს არ უნდა იმის აღიარება, რომ თუნდაც იგივე მესამე ძალა ვერაფერს გააწყობს, სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი, თუ მხარს მოტყუებული და გაწბილებული საზოგადოება არ უჭერს. იყვნენ თუ არა უკრაინელები და ყირგიზები მოტყუებულები?! ის, რასაც იუშჩენკოს არავინ და ვერავინ დაუკარგავს, მისი მმართველობის დემოკრატიული სტილი, თავისუფალი მედია და სამართლიანი არჩევნებია, თუმცა მან ვერ მოახერხა ეფექტური ეკონომიკური რეფორმების განხორციელება და ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან ვერ გამოიყვანა, არც კორუფციის დონე შემცირებულა დიდად, ტიმოშენკოსთან დაპირისპირებამ მისი რეიტინგი კიდევ უფრო დაბლა დაწია.იუშჩენკო საპრეზიდენტო არჩევნებით წავიდა, მიღებული 5%–ის მიუხედავად, დასავლური მედია პოლიტიკაში მის წარმატებულ დაბრუნებას არ გამორიცხავს.

გაცილებით მძიმედაა საქმე ბაკიევის შემთხვევაში: უმუშევრობის მაღალი დონე, გაჭიანურებული გლობალური კრიზისი, ცენზურა მედიაზე, არასამართლიანი არჩევნები, ნეპოტიზმი, კორუფცია, საზოგადოების უგულვებელყოფა… შედეგად კი, მახვილით მოსული მახვილითვე განიგმირა.

ასე რომ, უპირველესად ან მხოლოდ მესამე ძალის მძებნელებო და საზოგადოების უმწიფრობაში დარწმუნებულებო, იქნებ ეს, პირველ რიგში იმ იმედებთან და სურვილებთან დაბრუნების მცდელობაა, რისთვისაც ტიტების, ვარდების და ნარინჯისფერი რევოლუცია მოხდა?!

აპრილი 10, 2010

არჩევანი ჩვენ, არადანიც ჩვენ!

Filed under: პოლიტიკა — annadrouli @ 6:49 PM
Tags:

პირველად არჩევნებში მონაწილეობა 7– 8 წლისამ „მივიღე“, როდესაც იძულებით ბებიაჩემს იმ კანდიდატისთვის მივაცემინე ხმა, რომელსაც  ძალიან კეთილი სახე ჰქონდა.

მეორედ, რევოლუციის შემდეგ,  საქართველოს პრეზიდენტი ავირჩიე, უკვე სრულწლოვანმა ვიცოდი კეთილი სახის არასაკმარისობა და ხმა ნიჭიერებისთვის მივეცი.

მას შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიმიღია.არა რაიმე პროზაული მიზეზების გამო, უბრალოდ ხან არ მეცალა, ერთხელ ყინავდა, ბავშვს ვერავის ვუტოვებდი… არჩევნებმა უჩემოდაც ჩვეულებრივ ჩაიარა, ისე როგორც მოველოდი და ისედაც, რომ არ ველოდი.

ერთ თვეში ახალი არჩევნებია, ბავშვი გაიზარდა, ყინვა არ იქნება, არა მგონი რაიმე გადაუდებელი საქმე მქონდეს, მოკლედ არაფერი მიშლის ხელს, გარდა “პროზაული “ მიზეზებისა.

არ მიყვარს როცა მატყუებენ, მიყენებენ, თვალს მიხვევენ, მემუქრებიან, იმედებს მიცრუებენ, ზევიდან მიყურებენ, ბრბოს მეძახიან ან მექცევიან ისე, როგორც ბრბოს. არ მომწონს როდესაც სიკეთე, , გულისხმიერება, თანაგრძნობა არჩევნების მერე სადღაც ქრება  და იკარგება მომდევნო არჩევნებამდე. ყველაზე მეტად კი ნიჭიერების მეშინია, ნიჭიერი ბოროტების, ნიჭიერი ტყუილის, ნიჭიერების, რომელიც მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე იხარჯება და ქვეყანას ბუმერანგივით უბრუნდება.

მე კარგად ვიცი, როგორი პრეზიდენტი, მერი, პარლამენტარი არ მინდა,  გაცილებით ძნელია ამ თანამდებობებისთვის აუცილებელი, საჭირო და სასურველი თვისებების შეჯერება და შემდეგ ამ თვისებების კონკრეტულ კანდიდატში აღმოჩენა. იმდენად ძნელი რომ, ხშირად ჩვენ, ამომრჩევლები კი არ ვუწესებთ კანდიდატებს  მოთხოვნებს,  იქეთ ვერგებით მათ და არჩევანს ვაკეთებთ ცუდსა და ცუდს, ცუდსა და უარესს შორის, თითქოს კარგი არ არსებობს, ან იქნებ მართლა არ არსებობს?!

ხმის მიცემა ჩემი უფლებაცაა და მოვალეობაც, ჩვენ ხომ დემოკრატიულ  სახელმწიფოში ვცხოვრობთ, კარებს არავინ მირაზავს, არჩევნებზე არ წახვიდეო, იმასაც კი მპირდებიან შენი ხმა  დაცული იქნებაო, კიდევ იაფ გაზს მპირდებიან, იაფ დენს, ცვლილებებს, გაზრდილ პენსიას, სამუშაო ადგილებს, სკანდალურ შოუებს საკრებულოში, ღირსების დაბრუნებასაც დამპირდნენ, ერთადერთი 20 ლარი და ტომარა ფქვილი არ შემოუთავაზებია ჯერჯერობით არავის.

მე ყოველდღე გიყურებთ და ყოველდღე გკითხულობთ, ვხედავ როგორც ცდილობთ გაერთიანდეთ, როგორ ირჩევთ კანდიდატს სახალხო გამოკითხვების გზით, როგორ აშენებთ ხიდებს, აგებთ გზებს, ფორმულებიც ვიცი: პლიუსიც და მინუსიც, კომერსანტსაც ვკითხულობ…

და რაც უფრო მეტს ვიგებ, რაც უფრო მეტს გისმენთ, მით უფრო მეტად ვიბნევი. მე არ მინდა ხმის მიცემა მარტო ლამაზი ხალის, ქარიზმატულობის, წიგნიერების, გამოცდილების, სიდინჯის, უშუალობის, წარმატებული გადაცემების გამო, არც შეჩვეული ჭირი მირჩევნია შეუჩვეველ ლხინს, მაგრამ ისიც არ ვიცი ლხინი რომელია, ან ნაკლები ჭირი მაინც.

სადღაც წამიკითხავს, რომ თანამედროვე ადამიანს განსაზღვრავს სამი რამ: პატიოსნება, გონიერება და პარტიულობა. მაგრამ, ორის თანაარსებობა გამორიცხავს მესამეს. ანუ, თუ ხარ პარტიული და გონიერი, არ ხარ პატიოსანი. თუ ხარ პარტიული და პატიოსანი, არ ხარ გონიერი. თუ ხარ გონიერი და პატიოსანი, არ ხარ პარტიული. და მე თუ პატიოსანსა და პარტიულს, პარტიულსა და გონიერს შორის უნდა ავირჩიო, პირველი ვარიანტი მირჩევნია, რადგან ცალკე გონიერება ყოველთვის არ ნიშნავს პატიოსნებას, პატიოსანი კი ყოველთვის გონიერია, მან ხომ სწორი გზა აირჩია.

არჩევნებამდე ერთი თვეა. მე ალბათ ისევ გიყურებთ, ისევ მოგისმენთ. ვეცდები ამოგიცნო, გენდო, დაგიჯერო. ერთ თვეში არჩევნებზე მოვდივარ და არ მინდა ბავშვობაში დაბრუნება, ალალბედზე, გამართლების იმედით გათვლა: „ესა, მესა, გადის ესა!“

Blog at WordPress.com.