Annadrouli's Blog

ივნისი 27, 2010

ღია კარების მისტიკა

„მოსავალი ცუდი მოსავლის შემდეგაც უნდა დაითესოს“, არჩევნები „ცუდი“ არჩევნების შემდეგაც უნდა ჩატარდეს, გამარჯვებისთვის დამარცხების მერეც უნდა იბრძოლო, იმედები იმედგაცრუების მიუხედავად უნდა კვებო და განაახლო, ღია კარები ხანდახან უფრო ფართოდ უნდა გააღო, შენთან რომ მოვიდნენ ან მათთან რომ გახვიდე…

მისვლა–მოსვლა – სიტყვებში ერთი ასოს სხვაობა რეალობაში ხშირად გარდაუვალი და დაუძლეველი დაბრკოლება ხდება. მისვლა ცოტას თუ უნდა, უფრო მასპინძლის როლით იხიბლებიან(მასპინძლობა უფლებას გაძლევს საკუთარი პრიორიტეტები, წესები, მოთხოვნები დააყენო). შედეგად, ქართული პოლიტიკური სპექტრი ღია კარებში(ით) ცხოვრობს, საზოგადოება კი – „ზღაპრული“ არჩევნის წინაშე: მარჯვნივ წახვალ – ცოცხალი დარჩები, მარცხნივ წახვალ – მოკვდები, პირდაპირ წახვალ – სიმდიდრეს იშოვნი(ეს ყველაზე უკეთესი ვარიანტია, უმეტეს ზღაპარში სამივე გზა სიკვდილს გვპირდება და ყველაფერი, მიუხედავად არჩევანისა მთავარი გმირის გონიერებასა და იღბალზე ხდება დამოკიდებული).

ამბობენ, გმირების და ბელადების დრო დამთავრდაო. ახლა საერთო იდეის და მიზნების ირგვლივ ხდება ან ცდილობენ გაერთიანებას, მიზანი პრინციპში ერთია – ხელისუფლების შეცვლა(ამბობენ, იმიტომ, რომ მათთვის არა მარტო კონკრეტული ადამიანები არიან მიუღე3ბელნი, არამედ ის სახელმწიფოც, რომლის აშენებასაც „გვთავაზობენ“ და აშენებენ). იდეების შეჯერებაც თავისუფლად შეიძლება: ცვლილებები საარჩევნო გარემოში, რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ყოფილი სახალხო დამცველის „ქართული იდეა“ კი გაცილებით ფართო და მრავლისმომცველია, შესამუშავებელმა დოკუმენტმა ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნება, პროგრესი, უსაფრთხოება, მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის ადგილი უნდა განსაზღვროს.

კარგი და საჭირო იდეააო, ამბობენ, თან იმაშიც გვარწმუნებენ მთელი ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეობა ისედაც ამ იდეებზე იყო დაფუძნებული, ბატონ სოზარს ახალი არაფერი უთქვამს, ეს ხომ ჯერ კიდევ დიდმა ილიამ ბრძანაო. ამ ამბავმა პაულო კოელიოზე ატეხილი აჟიოტაჟი გამახსენა. ჩემ ირგვლივ ბევრი დასცინოდა კოელიოთი გატაცებულ ახალგაზრდებს: მაგათ ეტყობა მარკესი არ წაუკითხავთ, თორემ როგორ მოეწონებოდათ, კოელიო ხომ დიდი კოლუმბიელის გამარტივებული კალკიაო. კი ბატონო, ბევრ მათგანს არ ჰქონდა მარკესი წაკითხული(მათ შორის ბევრი, ალბათ, არც არასდროს წაიკითხავდა), ჰოდა, თანამედროვე სიმარტივით დაწერილი წიგნებიდან თუ იმის ნახევარს მაინც იგრძნობდნენ და იფიქრებდნენ, რაც თქვენ დიდი და რთული ნაწარმოებების კითხვით მოახერხეთ, დასაცინი რატომ იყო დღემდე ვერ მივმხვდარვარ. ასე რომ პირადად ჩემთვის, ამ იდეის პოლიტიკოსებისგან მხოლოდ იმიტომ დაწუნება, რომ უკვე ნათქვამის და დაწერილის ბაზაზეა დაფუძნებული მიუღებელია, სულ სხვა საქმეა საზოგადოებაში გაჩენილი და გასაჩენი შეკითხვები, პროექტის ავტორების და პროექტის განვითარების მიმართ.

მოკლედ, „ქართული“ თუ სხვა, ერის გამთლიანების მისია დაკისრებული იდეების გამართლება–არგამართლებაზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა. უბრალოდ, როცა ყველა გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს და საზოგადოებას(მრავალჯერ იმედგაცრუებულს) საკუთარი მოქმედებებით და განცხადებებით თავადვე უჩენენ ეჭვებს ერთიანობის შესაძლებლობაზე, ნიჰილიზმის და შემგუებლობის გაზრდა მხოლოდ მთავრობას არ უნდა დაბრალდეს. ეჭვები კი ისეთივე ცხადია, როგორც საქართველოს გერბის წარწერა „ძალა ერთობაშია“. მინუს და პლიუს ფორმულები, ცოტნე დადიანობის მოთხოვნა იმ ადამიანისგან, რომლისგანაც ასეთი საქციელი ყველაზე გულუბრყვილოსთვისაც კი წარმოუდგენელია, იმის ნათელი დადასტურებაა, რომ რეალობაში ერთიანი ფრონტის შექმნა თითქმის წარმოუდგენელია, იდეის საჭიროება და მართებულობა კი ვერავის ავიწყებს ავტორის წარსულს და შეცდომებს. ასე რომ უფრო მოსალოდნელი, ალბათ, პარტიების რამდენიმე ჯგუფად და მხარედ გაერთიანებაა, საზოგადოება ისევ დადგება გზაჯვარედინის წინაშე, უკეთესი გზის არჩევა სამწუხაროდ, გონიერებაზე მეტად იღბალზე იქნება დამოკიდებული. ხალხი ბრძენი ან ბრბო კი იმის მიხედვით, ვის როგორ აწყობს და სჭირდება. ისე ოპოზიციასა და ხალხს შორის ერთი დიდი განსხვავებაა. ოპოზიცია ხშირ შემთხვევაში იდეასაც იწუნებს და ერთმანეთსაც, ხალხს მოსწონს იდეა და არ მოსწონს გამხმოვანებელი, ის ვის გერდითაც თვითონ უნდა იქცეს შემსრულებლად. გამოსავალი ნეტავ რაშია?!

„მოსავალი ცუდი მოსავლის შემდეგაც უნდა დაითესოს“, არჩევნები „ცუდი“ არჩევნების შემდეგაც უნდა ჩატარდეს, გამარჯვებისთვის დამარცხების მერეც უნდა იბრძოლო, იმედები იმედგაცრუების მიუხედავად უნდა განაახლო, ღია კარები ხანდახან უფრო ფართოდ უნდა გააღო, შენთან რომ მოვიდნენ ან მათთან რომ გახვიდე… – ოღონდ ეს ყველაფერი უკეთესი მოსავლისთვის, უკეთესი არჩევნებისთვის და უკეთესი მომავლისთვის!

ივნისი 10, 2010

ცოლების ციებ-ცხელება

ერთი კვირა… 5 დღე… 3 დღეც… ლუდს ყუთით ვიყიდი, მიწისთხილი არ დამავიწყო… ბევრნი არა, სულ ოთხნი ამოვლენ… ბავშვი შენ გყავდეს რა, დააძინე ან მეორე ოთახში გაიყვანე, თორემ არ გვაცლის… ჰო, კარგი, რა მოხდა, სულ რაღაც ერთი თვე, აი გახდება ინგლისი ჩემპიონი და ყველაფერი ჩვეულებრივ  იქნება, ზუსტად 4 წლით…

ხანდახან ერთი თვე რომ 4 წელზე მეტად იჭიმება ჩემი ქმრისთვის უსუსური არგუმენტია, მე მის წუწუნზე ვიღიმი ირონიულად, რომ ნებისმიერ მოწიფულ და ზომიერად ფერ-ხორციან მამაკაცს უფლება აქვს ზაფხულის ცხელი საღამოები ტელევიზორის წინ, ლუდის ბოთლით ხელში გაატაროს და ცვალებადი ემოციებით უგულშემატკივროს საკუთარ ფავორიტს მსოფლიო ჩემპიონატზე.

მიუხედავად ირონიისა და პროტესტისა, ზუსტად ვიცი, რომ  წინასწარ წაგებულ პარტიას ვთამაშობ: 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ქმარს ვკარგავ! გულს იმით ვიმშვიდებ, რომ მარტო არა ვარ. თერთმეტიდან თერთმეტამდე მსოფლიო ჩემპიონატთან ერთად ცოლების ციებ-ცხელებაც იწყება, მსოფლიოს მაშტაბით.

ვიცი, გამოჩნდება ახლა ვინმე თავგადაკლული, ცოლისგან გულშეწუხებული ფეხბურთის გულშემატკივარი და ჭკუის სწავლებას დამიწყებს, რომ ცოლები ვალდებულნი ვართ ანგარიში გავუწიოთ მეუღლეების გატაცებებს და არა მარტო ვაცადოთ თამაშით ტკბობა, არამედ მათთან ერთად ჩავებათ ამ დიდ ფერხულში.

ვცადე, ბატონო, დედას გეფიცებით, ვცადე! ამ 4 წლის წინ, 2006-ში, არ ვიცი, საყოველთაო აჟიოტაჟმა, კაფეებში თუ რესტორნებში გახსნილმა ფან-კლუბებმა, სხვადასხვა ქვეყნების  დროშებით მოხატულმა ქართველებმა იმოქმედეს  ჩემზე თუ უბრალოდ, ახალდაქორწინებულს ეკრანთან გატარებული ”საფეხბურთო” საღამოებიც რომანტიკულად მეჩვენებოდა, ქმრის და მისი მეგობრების მხარდამხარ მეც მთელი გულით ჩავერთე ერთთვიან  მარათონში, იტალიის მაისურიც შევიძინე(ნუ, რა ვქნა, საგულშემატკივრო გუნდი ფეხბურთელთა სიმპატიურობის მიხედვით შევარჩიე) და უნდა ვაღიარო, ემოციის გამოხატვის  ერთი-ორი მეტნაკლებად  მისაღები ქართული ხერხიც დავიზეპირე, მაგრამ ჩემმა ენთუზიაზმმა მერვედფინალამდეც ვერ გასტანა, ფანობა იმაზე მალე მომბეზრდა, ვიდრე იტალიის ნაკრების ყველა ფეხბურთელის გვარს დავიმახსოვრებდი და მეც განრისხებულ ქალთა არმიას შევუერთდი, უკვე გამოცდილები მოთმინებით რომ ელოდნენ ჩემს გონზე მოსვლას.

რა ხერხებს და მახეებს ვიგონებდით წართმეული ყურადღების დასაბრუნებლად ამის მოყოლას აზრი არა აქვს(არცერთმა გაამართლა), თუ ვინმე ნაცად და წარმატებულ მეთოდს გაგვიზიარებს ძალიან დამავალებს, მანამდე კი დაჩაგრულების როლის მორგებას, ალბათ შემწყნარებლობის თამაში ჯობია( აი, ვითომ გვესმის კაცების ამ დიდი გატაცების და მზად ვართ მათი გულისთვის ესეც ავიტანოთ, თან საყვედურების გარეშე. მეტი არ აგვიტანია?!) სამაგიეროდ, მერე მთელი 4 წელი ვალის(მოთმინების) გადახდის დროა. ჩვენი, ცოლების დრო..

პ.ს.  ინგლისელებს(ფეხბურთის გამომგონებლებს) ერთი კარგი გამონათქვამი აქვთ:”თუ ძალადობის მსხვერპლი ხართ და მშველელი არსად ჩანს, სხვა რა გზაა,მოდუნდით და ისიამოვნეთ!”

Create a free website or blog at WordPress.com.