Annadrouli's Blog

სექტემბერი 20, 2012

გეტკინა თუ გესიამოვნა?!

Filed under: Uncategorized — annadrouli @ 3:11 PM

დიდი ხანია არაფერი დამიწერია. არ ვიცი, რატომ. არა, ვიცი, უბრალოდ ძნელი საღიარებელია, რომ მეზარებოდა, რომ ჩემი დამოკიდებულების წერილობითი ფორმის გამოხატვისგან განსხვავებით მთელ დროს უამრავ სხვა წვრილმან თუ მსხვილმან საქმეს და უსაქმურობას ვუთმობდი. ალბათ არც საკმარისად მსიამოვნებდა და არც საკმარისად მტკიოდა.
ყოველთვის როცა რაღაც ისეთი ხდებოდა, საკუთარი ყოველდღიურობისგან განსხვავებული, შემაშფოთებელი, აღმაშფოთებელი, როცა დევნილებს ასახლებდნენ, როცა ვეტერანებს არბევდნენ, როცა სახელმწიფო მოხელეს კამერების წინ ამცირებდნენ, მეც და ბევრი ირგვლივმყოფნიც თანაგრძნობას შემდეგი ფრაზით ვამძაფრებდით: წარმოიდგინე,რომ შენ მოგექცნენ ასე, შენს დედას, მამას, შენს შვილს. უბადრუკი საშუალებაა სხვების ტკივილის საგრძნობლად… და საერთოდაც, ხშირ შემთხვევაში სხვების ტკივილიც კი უბადრუკი ფრაზაა.
პატიმრების წამების კადრები, დამნაშავეების თუ უდანაშაულოების, სრულწლოვნების თუ არასრულწლოვნების, ცინიზმით გაჟღენთილი და უდარდელი ხმა კადრს მიღმა: გტკივა თუ გსიამოვნებს?- სახეში სილის გაწნაა. მე, მაგალითად გამაწნეს. ისე ძალიან, რომ მათ ადგილას საკუთარი თავის და ახლობლების წარმოდგენაც არ დამჭირვებია. მთელი შეგნებით ვიცი, რომ მტკივა, ისიც ვიცი, რომ მას, ხმას სიამოვნებს. ერთი ეგაა, ნეტა თავად რა უნდა ჩემგან ან მისი მსხვერპლისგან, რომ გვტკიოდეს თუ გვსიამოვნებდეს?!
“გცემს, ე.ი. უყვარხარ“ – ცოლქმრულ ურთიერთობებში ძალადობის გასამართლებლად ხშირი და მარტივი ფორმულირებაა, რომელსაც იყენებენ შვილის სახლში დაბრუნების პერსპექტივით შეშინებული მშობლები, არამკითხე, დიდი გამოცდილების მქონე მეზობლები, თვალჩალურჯებული მეგობრები. შენც ხშირ შემთხვევაში იჯერებ, რომ დიდ სიყვარულს და ზრუნვას ყოველთვის მოსდევს სადამსჯელო ღონისძიებები, ისევ შენთვის, შენი კარგად ყოფნისთვის. ხშირად ხვდები, რომ ირგვლივ ყველა გატყუებს, მაგრამ პასუხისმგებლობის მარტო საკუთარ თავზე აღება გაშინებს, ადვილია ერთს სხვებთან ერთად დაუპირისპირდე, აი ერთი კი ბევრის პირისპირ უმოქმედობის მძევლად გაქცევს და ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში გრძელდება, ზრუნვის თავისებური,მკაცრი გამოხატულებებით. რა ადვილია, საკუთარი თავი მსხვერპლად თავად აქციო, მოძალადე მოძალადედ და ირგვლივმყოფნი თანამონაწილედ.
“რადგან ციხეშია, ე.ი. დამნაშავეა, ე.ი. კაცი მოკლა, იქურდა, იყაჩაღა, იძალადა, რატომ უნდა შემეცოდოს. ქურდი ვარო ყვირის, ბინძური მენტალიტეტი აქვს, რომელიც უნდა შეიცვალოს ნებისმიერი ხერხით, ნებისმიერ ფასად, საკუთარ თავზე გამოცადოს რასაც სხვებს უშვებოდა, მერე აღარ იზამს, მერე აღარ იტყვის, არ იქურდებს, არ იყაჩაღებს, არ იძალადებს….“ – იმის თქმას რა აზრი აქვს,რომ ნებისმიერ ქვეყანაში, თუნდაც არაქართული სასამართლოს პირობებში ყოველთვის არსებობს შანსი უდანაშაულო პატიმრის არსებობის, მით უმეტეს, რომ უდანაშაულო პატიმრებზე აპელირება, იმის განცდას გიტოვებს, რომ თუ ნამდვილად დამნაშავეა ე.ი. შეიძლება ასე მოექცე. უსუსურობის შეგრძნებით, საშინელი უსურობით ამტკიცებ,რომ დამნაშავე კანონით უნდა დაისაჯოს, არაფრით მეტით, რაოდენ კეთილშობილი სურვილებიც არ უნდა ამოძრავებდეს დამსჯელს, როგორადაც არ უნდა ზრუნავდეს საზოგადოების სიჯანსაღესა და უსაფრთხოებაზე. არავინ უნდა სვამდეს შეკითხვას,გვტკივა თუ გვსიამოვნებს, გვწყინს თუ გვტკივა, სულერთია თუ გვტკივა. უნდა არსებობდეს რაღაც, რაც ყველას ერთნაირად ეტკინება, მიუხედავად ნებისმიერი განმასხვავებლებისა მათ შორის: სქესის, მრწამსის, განათლების, პოლიტიკური შეხედულებების. რომ არასდროს, ცინიკურმა ხმამ კადრს მიღმა არ იფიქროს, რომ არსებობს ვიღაც, ვისაც ესიამოვნება, ვინც გაამართლებს, ვისთვისაც სულერთი იქნება.
ბევრისთვის სულერთი არ არის, ზოგისთვის იმდენად არ არის, რომ გაბოროტებულები იგივე ხერხით, იგივე არაადამიანობით ვუპირებთ დასჯას ახლანდელ ჯალათებს. მერე ახლანდელები ყოფილებად იქცევიან, ჩვენ არსებულებად, ვიღაცეები მომავლად. ვივლით წრეზე მტკიცებით,რომ ჩვენგან დასჯილები ღირსები არიან, რომ მათი ქმედებებიდან გამომდინარე გვაქვს უფლება კანონზე მაღლა დავდგეთ, სასჯელი გავამძაფროთ, მერე ჩვენც გაგვიმძაფრებენ, საკუთარი კანონებით დაგვსჯიან და იმ ერთის, რომელმაც როდესღაც დაიწყო,ძალიან დიდი ხნის წინ, მუდმივ არსებობას ვუზრუნველყოფთ, თავად დავისჯით საკუთარ თავს ყველაზე დიდი სასჯელით- დავემსგავსებით!
სამწუხაროდ, არ მახსოვს ვინ თქვა, რომ დღეს საქართველოში გოიმური მმართველობაა თუ მმართველობის გოიმობა, მაგრამ იმის საკმარისად ჩათვლა, რაც კადრების შემდეგ სახელმწიფომ განახორციელა, სტარტეგიაშეუცვლელი ხელისუფლების(ახალი ადამიანის გამოჩენა, ამ შემთხვევაში ტუღუშის) ჩვეული, ტაქტიკური ნაბიჯის ხალხის დაკვეთის შესრულებად აღქმა, ძალიან ადვილად აქცევს მმართველობის გოიმობას საზოგადოებრივ, მოქალაქეობრივ გოიმობად.

“მე იგივე ვარ,მარად და მარად!“ – ამბობდნენ, რომ იგივეობა კარგია, რომ ე.ი. საკუთარ თავს, მრწამსს, შეხედულებებს ინარჩუნებ, რომ იგივეობა ძლიერება და სულის სიმტკიცეა. ბოდიში პოეტს, თუ თავადაც მარადიულ ერთნაირობას ასე დადებითად აღიქვამდა, მაგრამ სისულელეა, სირცხვილია, დანაშაულია, უბრალოდ ამაყი პოზაა ამ დროში, ამ სივრცეში, ამ გარემოში საკუთარ თავს, სხვას, სისტემას მუდმივობის, უცვლელობის უფლება მისცე და გახანგრძლივებული ტკივილი, სიამოვნებად ან თუნდაც, არსებობისთვის შეუმჩნეველ, შეჩვეულ დანამატად აქციო.

დეკემბერი 29, 2010

საზღაური საზღვრისთვის

„მაშ, არავითარი საზღვარი, ჯონათან!“ – ამოკითხული და დამახსოვრებული

ლივინგსტონის „თოლია“ გვიან წავიკითხე. ასაკით არა – გამოცდილებით გვიან. თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდ–(ილებ)–ა წლებს მოაქვს?! – სისულელეა! მერე რა, რომ ბალზაკის ასაკში გაცილებით მეტი იცი სექსუალური თამაშობების შესახებ, მერე რა, თუ 40 წლისა ნაკლებად ცდები ადამიანების ამოცნობაში, ისიც მერე რა, ნახევარი საუკუნისა ჭკუას სხვის შეცდომებზე თუ სწავლობ. მთავარ გამოცდას ბავშვობაში აბარებ, გზაგასაყარზე. ცუდია, რომ არასდროს ვიცით ზუსტად, როდის მთავრდება ბავშვობა. ეს რომ მცოდნოდა, წინა დღით მაინც დავასწრებდი საკუთარი ნებით თუ თავსმოხვეული ცოდნით, წაკითხული წიგნებით, ნანახით და გაგონილით ნელ–ნელა შექმნილ, მაგრამ უკვე ფეხგადგმულ საზღვრებს… ერთი დღით, საათით, წუთით, წამით, ერთი წიგნით, ერთი ამბით, ერთი რჩევით, ერთი მეზობლით, ერთი ომით დამაგვიანდა.. 1991–92 წლებში, 6–7 წლისა ფოთში ვცხოვრობდი. იცით, როგორი იყო მაშინ ფოთი? დასაზღვრულ–განსაზღვრულ–საზღვრული. საზღვარი ყველაფერში – ჭამაში, სიცილში, ლაპარაკში, ურთიერთობებში, გარეთ გასვლაში, დაბანაში, ძილში. საკუთარ სახლშიც კი ვაწესებდით საზღვრებს, დაბომბვისას ყველაზე უსაფრთხოდ სარდაფი მიგვაჩნდა. ჰოდა, ვცხოვრობდით სარდაფში. სანთლის შუქზე ვწერდით მოსკოვში მყოფ მამას წერილებს, რომ გვენატრებოდა, რომ საჩუქრები გვინდოდა და რომ, არ უნდა ჩამოსულიყო. სიფხიზლესაც განსაზღვრული დრო ჰქონდა – სანთლის ჩაწვამდე. მერე ვწვებოდით. ისე მიყვარდა დრო დაწოლიდან დაძინებამდე – ჩემი დრო, ჩემი ოცნებები, თუმცა, მათაც სხვები მისაზღვრავდნენ. მე ხომ სხვების გამო ვოცნებობდი სიმშვიდეზე, სინათლეზე, სხვაგან ცხოვრებაზე. ერთადერთი საკუთარი ოცნება ცისფერთვალება, დიდი, მოლაპარაკე თოჯინა იყო, მამის ჩამოსვლასთან ერთად რომ ამიხდა. რა ადვილია საკუთარი სურვილებით ცხოვრება და მათი ასრულებისთვის ბრძოლა ბავშვისთვის – მშვიდობაზე რომ ოცნებობდა, ადვილი და ხშირად, სამწუხაროდ, უინტერესოც. ჩემს ცისფერთვალება, ლამაზ თოჯინას უბრალოდ „გოგო“ დავარქვი. გოგო გშია? – მაშინ, დაიძინე! წყალი გინდა? – მიდი, ითამაშე! გეძინება? – წამო, გავისეირნოთ. ვძალადობდი? – რათქმაუნდა! ძალადობა ხომ ხშირად შობს ძალადობას ან უმოქმედობას. ახლა ვფიქრობ, რომ უმოქმედობა ყველაზე დიდი ძალადობაა საკუთარი თავის მიმართ. ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, საზღვრებისთვის საზღაურის გადახდა რომ დავიწყე, უფრო სწორედ, როცა შევამჩნიე რომ საზღაურს ვიხდი. თუმცა, ამაზე მერე…მანამდე იყო სკოლა… -“აბა, ბავშვებო გადაშალეთ წიგნები, წაიკითხეთ, დაიმახსოვრეთ, დაიზეპირეთ, ისწავლეთ…“ ჩვენც ვიმახსოვრებდით, ვიზეპირებდით, ვსწავლობდით. ვკითხულობდით და ვყვებოდით წაკითხულის მოკლე შინაარსს, გმირებს კარგებად და ცუდებად, საქციელებს სწორად და არასწორად ვყოფდით, მერე ამაყად ვუყურებდით სკოლის დერეფანში, ხუთოსნების დაფაზე გამოკრულ საკუთარ სურათებს, უზრუნველი და წარმატებული მომავლის გარანტად რომ მიგვაჩნდა. სასაცილო გულუბრყვილობაა?! – გულუბრყვილობა არის, სასაცილოსი აბა რა გითხრათ. სკოლის დამთავრების შემდეგ ყველაზე ხშირად იმაზე ვფიქრობ, ხუთოსნები სწორხაზოვნების გამო ვიყავით თუ სწორხაზოვნები ვიყავით ხუთოსნობის გამო?! არ ვიცი, რომელმა რომელი განაპირობა. ერთადერთი, რაც დანამდვილებით მახსოვს, ისაა რომ დაფაზე გამოკრულ სურათში საშინლად გამოვიყურებოდი. ნეტავ, ახლა სადაა ის სურათი?! დაფა რომ ადგილზეა ვიცი – ახალი სახეებით, სახელებითა და გვარებით. ალბათ, მათაც დაიზეპირეს პითაგორას თეორემა, მენდელეევის ცხრილი, ნიუტონის კანონები, ტურგენევის „მუმუ“, რომ „მარგო – საქართველოა, ხოლო ჯაყო – საზიზღარი დამპყრობელი“… ალბათ, მათაც გაუცრუვდებათ იმედები, საზღაურსაც გადაიხდიან ფიქრების და აზროვნების საზღვრებისთვის, ვიღაცას ეყოფა დრო, ვიღაცას – არა, ზოგი ვერც მიხვდება, რომ სასკოლო „ინკუბატორის“ ერთი რიგითი კურსდამთავრებულია. ხანდახან, მშურს „მიუხვედრებლების“. ეს მაშინ, როცა მგონია, რომ ბედნიერება სიმარტივეშია. იმაზე ხშირად მგონია, ვიდრე მინდა და იმაზე ნაკლებად, რაიმეს შეცვლა რომ მოახერხოს. თქვენ გიყვართ ცვლილებები?! ნებისმიერი ცვლილება: საკონსტიტუციო, საკადრო, საბიუჯეტო, კლიმატური, ემოციური თუ საზოგადოებრივი, ახალი საზღვრების დაწესებაა, ძველის შეკუმშვა ან გაფართოება. პრინციპში, უსაზღვროობა ხომ უჰაერობის „სინონიმია“. გინდა ჰაერი? უკვე საზღვარია – ყველა შემდეგის დასაწყისი და გამომწვევი. არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე მჭირდება საკუთარი ცვლილებები, სახელმწიფოსას ხშირ შემთხვევაში(თითქმის ყოველთვის) ეჭვის თვალით ვუყურებ(სულაც არაა ჩემი ბრალი), ხოლო საზოგადოება არაფერს მთავაზობს. რამდენიმე წლის წინ გეტყოდით, რომ ბედნიერებაა გარდამავალ ეპოქაში ცხოვრება, ახლა კი… რა შორსაა სკანდინავია, არა?! კარლსონი ვერაფრით იქნებოდა ქართველი, ვერც პეპი. ჩვენ ნაცარქექია გვყავს. ჰო, კიდევ კომბლე. „კომბალ-კომბალ, შენსა მზესა, შენი გამომცემლის მზესა, წადი, ჯავრი ამომყარე, ნუ შეარჩენ თმას და წვერსა.“ ისე, რას ვერჩი. ერთი კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, მეორე ნაცარს ქექავს, საწადელს ორივე აღწევს სხვადასხვა ხერხით. უბრალოდ, ახლა კომბლეები და ნაცარქექიები ერთმანეთის პირისპირ დავდექით, მათ კომბლები მოგვიღერეს, ჩვენმა არც ჭყინტმა ყველმა ივარგა და არც ნაცარმა, დაგვიძველდა… და, საერთოდაც, ბევრი რამ დაგვიძველდა. იცით, როგორ ხდება?! ძველი საზღვრები არ გადაგვილახავს, არ წაგვიშლია, ისე დავამატეთ ან დაგვიმატეს ახლები, ამიტომაც, ზოგჯერ საზღაური გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი წილი თავისუფლება. ჰო, საზღაურს ყოველთვის ვიხდით და ყოველთვის თავისუფლების რაღაც ნაწილით. მე, ახლა, უბრალოდ, მგონია, რომ ცოტა დამრჩა, უფრო სწორად, დასაკარგი და გადასახდელი აღარ დამრჩა. ალბათ, ამიტომაც მეშორება სკანდინავია, კარლსონების ქვეყანა… პ.ს. საშიშროება: საზღვრის სამანად ქცევა!  სამანი – თავისუფლება, რომელიც არ გჭირდება. საზღაური, რომელიც არ არსებობს!

ივლისი 30, 2010

უკულტურობის კულტურა, ან კულტურის უკულტურობა

პროზა და პოეზია, მხატვრობა და სკულპტურა, კინო და თეატრი, მუსიკა და ქორეოგრაფია – კულტურულობას თუ უკულტურობას მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ხელოვნების დარგები რომ განაპირობებდნენ ეს სტატია, ალბათ, არც დაიწერებოდა, ყოველ შემთხვევაში, ამ სათაურით. სამწუხაროდ, ადამიანის და ერის კულტურის დონეს მხოლოდ შემოქმედებითი მხარე არ განსაზღვრავს. გენიალურ ქმნილებებთან და შედევრებთან ერთად კულტურას გაცილებით ბანალური და მარტივი განშტოებები ქმნიან. როგორც ჩანს, ხანდახან მარტივი რთულზე უფრო ძნელია…

სამოქალაქო კულტურა, ის რაც, მოქალაქეობრივ თვითშეგნებას, ეთიკას, ზნეობას, ქცევის წესებს მოიცავს, ცალკეული ინდივიდების ნიჭიერებასა და მწიგნობრობაზე ვერ დაფუძნდება და განვითარდება. „სახალხო“ კულტურას საზოგადოება ქმნის, ჩემით იწყება, შენით და მისით გრძელდება, ან შენით იწყება და ჩვენით გრძელდება, თუმცა, ჩვენს რეალობაში, დაწყება–გაგრძელების პროცესი გაცილებით რთული და არასრულფასოვანია.

საყოფაცხოვრებო ქცევის წესები სამოქალაქო კულტურის საძირკველია, ამავე დროს ძალიან კარგად ასახავს ერის მატერიალურ–პოლიტიკურ აწმყოს და მომავალს. ფიქრი იმაზე, რომელი რომელს განაპირობებს ქათამის და კვერცხის წარმოშობაზე დავას დაემსგავსება, გაცილებით მნიშვნელოვანი არასადაო და თვალნათელი, მძიმე საყოფაცხოვრებო უკულტურობაა, ის, თუ როგორ ვცხოვრობთ და რაში ვცხოვრობთ.

„თბილისი სინათლის ქალაქია“ ჩემმა ძველმა მეგობარმა „თბილისი ნაგავის ქალაქია“ გადააკეთა, ან უფრო მოკლედ „თბილისში ნაგავია“. ორივე ფრაზა მარტივი ჭეშმარიტებაა, თუ სინათლის რაოდენობა და ხანგრძლივობა ხელისუფლების ნებასა და შესაძლებლობაზეა დამოკიდებული, მეორე ფრაზის შემომქმედები და განმხორციელებლები ჩვენ ვართ, თან ძალიან მონდომებულები და გულმოდგინეები. ნაგვის ურნის გვერდით დაგდებული თუ აივნიდან გადმოსროლილი ნაგავი, წაქცეული, გატეხილი თუ მოპარული ურნები, დაბინძურებული საზოგადო თავშეყრის ადგილები, სადარბაზოები, ტრანსპორტი, დამტვრეული და გაძარცული საბავშვო მოედნები კონკრეტული ადამიანების ერთობლივი უკულტურობაა. უწესრიგობა გარეთ ხშირ შემთხვევაში სულაც არ ნიშნავს პირადი სივრცის უპატივცემულობას, ანუ სახლი ჩვენია, ქუჩა– სხვისი ან სულაც არავისი. იმას, რაც საერთოა, ყოველთვის სხვის იმედად ვტოვებთ, ჩვევა გვაქვს ასეთი, წვრილმანებშიც და მსხვილმანებშიც.

ჩვევები მოძრაობის წესებსაც ხშირად გვიცვლიან, მართვის მოწმობის მისაღებად ჩაბარებული თეორიის კარგად ცოდნაზე მთავარი ინტუიცია და იმის წინასწარ გათვლაა, შენს წინ, უკან თუ გვერდით მდგომს როდის რისი გაკეთება მოუნდება, აი როგორც ცეკვის დროს, უნდა იგრძნო და მიჰყვე პარტნიორის მოძრაობებს. გამძლეობა და ცნობისმოყვარეობა თუ გახასიათებთ, მაშინ მშვიდად აიტანთ მოძრაობის შეფერხებას მხოლოდ იმიტომ, რომ სხვადასხვა მანქანებში მსხდომ ნაცნობებს ერთმანეთი მოენატრათ და შუა ქუჩაში როგორც მინიმუმ, მათი ოჯახური მდგომარეობის მცირე მიმოხილვასაც მოისმენთ, მოუთმენლები და არაცნობისმოყვარეები, როგორც წესი გაბმულად და ნერვიულად ასიგნალებენ, შედეგად მთავარი გმირების რისხვას იმსახურებენ: უზრდელები, უწესოები… 2 თვის წინ მოსმენილი ახლაც ყურში ჩამესმის:“ რა იყო, ქართველი არა ხარ, მოვიკითხავ და წავალ, აქ კი არ ვაპირებ დარჩენას“. ჰოდა, წავიდა, სულ რაღაც ათ წუთში. „ქართველობის“ ხათრით ათწუთიანი უკანონობის თუ უკულტურობის მოთმენა სრულიად შესაძლებელი ყოფილა. ესეც ჩვენი ერთ–ერთი ჩვევაა – უსარგებლო და დანაშაულებრივი თმენა.

მოთმინების საფუძველი ხშირად საკუთარი თავის და ქმედებების წინასწარი დაცვაც ხდება, სხვა აკეთებს – ვითმენთ, ჩვენ გავაკეთებთ – მოგვითმენენ! გაკეთებით კი აუცილებლად გავაკეთებთ, ან წითელზე გავალთ, ან მიწისქვეშა გადასასვლელების უარმყოფელები მიწის ზევით ექსტრიმს განვიცდით ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმეც, მარტოები თუ პატარა ბავშვებით ხელში. მერე ის პატარაც ნამდვილი „ქართველი“ გაიზრდება, მოქალაქეობრივი თვითშეუგნებლობა უბრალოდ ჩვევაში ექნება – ჩაიდენს, ჩაიდენენ და მოითმენენ…

სამოქალაქო კულტურა გაცილებით ფართოა, ვიდრე ზევით ჩამოთვლილი მაგალითები, ფართო და ღრმა – არჩევანის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, საკუთარი და სხვების ღირსების დაცვა–მოფრთხილება, საზოგადოების და ქვეყნის პატივისცემა. თუმცა, ელემენტარული უკულტურობა თითქმის გამორიცხავს გაცილებით მაღალი საფეხურის კულტურულობას. ასე რომ, როდესაც არჩევნებს „გვიყალბებენ“, ღირსებას და უფლებებს „გვილახავენ“, რწმენას „გვართმევენ“ იქნებ უბრალოდ, იმიტომაც, რომ კარგად იციან ჩვენი საერთო სენი – დანაშაულებრივი და დამღუპველი თმენა – წვრილმანებშიც და მსხვილმანებშიც!

ივნისი 10, 2010

ცოლების ციებ-ცხელება

ერთი კვირა… 5 დღე… 3 დღეც… ლუდს ყუთით ვიყიდი, მიწისთხილი არ დამავიწყო… ბევრნი არა, სულ ოთხნი ამოვლენ… ბავშვი შენ გყავდეს რა, დააძინე ან მეორე ოთახში გაიყვანე, თორემ არ გვაცლის… ჰო, კარგი, რა მოხდა, სულ რაღაც ერთი თვე, აი გახდება ინგლისი ჩემპიონი და ყველაფერი ჩვეულებრივ  იქნება, ზუსტად 4 წლით…

ხანდახან ერთი თვე რომ 4 წელზე მეტად იჭიმება ჩემი ქმრისთვის უსუსური არგუმენტია, მე მის წუწუნზე ვიღიმი ირონიულად, რომ ნებისმიერ მოწიფულ და ზომიერად ფერ-ხორციან მამაკაცს უფლება აქვს ზაფხულის ცხელი საღამოები ტელევიზორის წინ, ლუდის ბოთლით ხელში გაატაროს და ცვალებადი ემოციებით უგულშემატკივროს საკუთარ ფავორიტს მსოფლიო ჩემპიონატზე.

მიუხედავად ირონიისა და პროტესტისა, ზუსტად ვიცი, რომ  წინასწარ წაგებულ პარტიას ვთამაშობ: 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ქმარს ვკარგავ! გულს იმით ვიმშვიდებ, რომ მარტო არა ვარ. თერთმეტიდან თერთმეტამდე მსოფლიო ჩემპიონატთან ერთად ცოლების ციებ-ცხელებაც იწყება, მსოფლიოს მაშტაბით.

ვიცი, გამოჩნდება ახლა ვინმე თავგადაკლული, ცოლისგან გულშეწუხებული ფეხბურთის გულშემატკივარი და ჭკუის სწავლებას დამიწყებს, რომ ცოლები ვალდებულნი ვართ ანგარიში გავუწიოთ მეუღლეების გატაცებებს და არა მარტო ვაცადოთ თამაშით ტკბობა, არამედ მათთან ერთად ჩავებათ ამ დიდ ფერხულში.

ვცადე, ბატონო, დედას გეფიცებით, ვცადე! ამ 4 წლის წინ, 2006-ში, არ ვიცი, საყოველთაო აჟიოტაჟმა, კაფეებში თუ რესტორნებში გახსნილმა ფან-კლუბებმა, სხვადასხვა ქვეყნების  დროშებით მოხატულმა ქართველებმა იმოქმედეს  ჩემზე თუ უბრალოდ, ახალდაქორწინებულს ეკრანთან გატარებული ”საფეხბურთო” საღამოებიც რომანტიკულად მეჩვენებოდა, ქმრის და მისი მეგობრების მხარდამხარ მეც მთელი გულით ჩავერთე ერთთვიან  მარათონში, იტალიის მაისურიც შევიძინე(ნუ, რა ვქნა, საგულშემატკივრო გუნდი ფეხბურთელთა სიმპატიურობის მიხედვით შევარჩიე) და უნდა ვაღიარო, ემოციის გამოხატვის  ერთი-ორი მეტნაკლებად  მისაღები ქართული ხერხიც დავიზეპირე, მაგრამ ჩემმა ენთუზიაზმმა მერვედფინალამდეც ვერ გასტანა, ფანობა იმაზე მალე მომბეზრდა, ვიდრე იტალიის ნაკრების ყველა ფეხბურთელის გვარს დავიმახსოვრებდი და მეც განრისხებულ ქალთა არმიას შევუერთდი, უკვე გამოცდილები მოთმინებით რომ ელოდნენ ჩემს გონზე მოსვლას.

რა ხერხებს და მახეებს ვიგონებდით წართმეული ყურადღების დასაბრუნებლად ამის მოყოლას აზრი არა აქვს(არცერთმა გაამართლა), თუ ვინმე ნაცად და წარმატებულ მეთოდს გაგვიზიარებს ძალიან დამავალებს, მანამდე კი დაჩაგრულების როლის მორგებას, ალბათ შემწყნარებლობის თამაში ჯობია( აი, ვითომ გვესმის კაცების ამ დიდი გატაცების და მზად ვართ მათი გულისთვის ესეც ავიტანოთ, თან საყვედურების გარეშე. მეტი არ აგვიტანია?!) სამაგიეროდ, მერე მთელი 4 წელი ვალის(მოთმინების) გადახდის დროა. ჩვენი, ცოლების დრო..

პ.ს.  ინგლისელებს(ფეხბურთის გამომგონებლებს) ერთი კარგი გამონათქვამი აქვთ:”თუ ძალადობის მსხვერპლი ხართ და მშველელი არსად ჩანს, სხვა რა გზაა,მოდუნდით და ისიამოვნეთ!”

აპრილი 30, 2010

ლამაზ–ქალაქიც, კამორაც…შორია კანუდოსამდე?!

მართალი გითხრათ, აღარ მახსოვს ლამაზ–ქალაქს მერი თუ ჰყავდა, სამაგიეროდ, მარშალი მახსოვს ძალიან კარგად, ის, ბეტანკური…

ლამაზ–ქალაქში ფერად–ფერადი სახლები იდგა, შადრევნები და მოედნები, თამაშობები უყვარდათ ძლიერ, წელიწადის ოთხივე დროის. ქეიფობდნენ დაუღალავად და დრო გაჰყავდათ და დროს მიჰყავდათ…

დრო კამორაში მძიმე იყო და ცოდვიანი. კამორელები კლავდნენ უბრალოდ, უმიზეზოდ ან იმ მიზეზით ფული რომ ჰქვია, ანდა სულაც ძალაუფლება(შეიძლება გაიგივებაც). ხალხს ეშინოდა კედელს ყურები არ ჰქონოდა, როდესაც რამეს ისე იტყოდა. იქ, კამორაში ტირილს და ყვირილს, ვითომ არც იყო, კეთილხმიანი მუსიკა ცვლიდა და კამორაში, დღისით თუ ღამით, ხუთზე თუ ათზე დარაჯი ჰყავდათ შესახსენებლად, რომ ყველაფერი იყო უბრალოდ, გენიალურად.

ახლა ჩემს ქალაქში ღამის პირველი საათია და ყველაფერი გენიალურადაა. თბილისი წინასაარჩევნო მღელვარებით ცხოვრობს, როდესაც ხელისუფლება უფრო მეტი დაბეჯითებით გვიმტკიცებს, რომ დაპურებულნი ვართ და სანახაობასაც მეტი გულმოდგინებით გვთავაზობს. მერი – მერობის კანდიდატი, უშუალო როგორც კუმეო, უამრავ და მნიშვნელოვან გასაკეთებელ საქმეს გვპირდება და არც უკვე გაკეთებულს გვავიწყებს. ასეთი კი მართლაც ბევრია: დაგებული გზები, შეღებილი ფასადები, მომრავლებული სკვერები და შადრევნები, იაფად დაზღვეულები, უფრო მეტი კომპიუტერის და ინგლისურის მცოდნე, უფრო მეტი წყალი და სინათლე… თბილისს ევროპულ ქალაქს ამსგავსებენ…

თუმცა ევროპული ქალაქის კონტექსტში ჩემთვის მიუღებელი და წარმოუდგენელია ის ხარკი, რომელსაც მხოლოდ ქალაქის იერსახის საპირწონედ ვიხდით: მოკლული ახალგაზრდები და გამოუძიებელი, ხშირად გამართლებული მკვლელობები, სამართლის და კანონის არათანაბარი გამოყენება, სატელეფონო მოსმენები და დამფრთხალი საზოგადოება, შოუებით, ცეკვა–თამაშით გადაფარული პრობლემები და ყოველდღე, 12–ზე, 3–ზე, 6–ზე, 9–ზე იმის მტკიცება, რომ ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი გენიალურადაა.

სულ ხუთი გმირი და თიხის ქალაქს, ოცნებას ბევრის კანუდოსი უწოდეს წიგნში. იქ არც ჰალეა, არც გრანდჰალე , არც გრანდისსიმო. თანასწორობა მხოლოდ ფუჭი სიტყვა როდია, იქ არ წარგწყმედენ, სიკვდილი კი ძმათა ხათრით სიცოცხლეზე მეტია ალბათ. ზე მორეირა, ჟოაო აბდო, სანტოსი, კოსტა და დონ დიეგო, სულ ხუთი გმირი და ხალხი მიხვდა, რომ კანუდოსი მონდომებაა მხოლოდდამხოლოდ და მოინდომეს… კანუდოსი ძნელია და შესაძლებელი. უფრო ადრე კი–შესაცნობელი. კანუდოსი, ღირს რომ გეტკინოს, კამორადაც ღირს, ლამაზ–ქალაქად, ალექსანდრო და მიჩინიო ხომ ჰყავდათ მათაც… კანუდოსი სითამამეა და იმის შექმნა, რისი ღირსიც ხარ.

ახლა – ლამაზ–ქალაქი და კამორა, შორია კანუდოსამდე?!

აპრილი 23, 2010

რატომ გვითხრა ამერიკამ და ევროპამ: „ნურას უკაცრავად, ვერ მოგართვით“…

2008 წლის აგვისტოში, ჩემმა ხელისუფლებამ მსოფლიოს რუსეთის ნამდვილი სახე დაანახა: იმპერიული, პირსისხლიანი, აგრესიული და არაპროგნოზირებადი. 2008 წლის აგვისტოში მსოფლიოს „გამოფხიზლებას“ ქართველი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოქალაქეები და ქართული სოფლები ემსხვერპლნენ. ჩემი ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, ფიქრობდა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას და მოუთმენლად ელოდა საერთაშორისო რეაქციას. ელოდა მოძალადის დასჯას, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას და მის სრულ იზოლაციას.

მსოფლიო კი… მსოფლიო აღშფოთდა და ცოტა ხანში „გადატვირთვის“ პოლიტიკაზე შეთანხმდა, რაც არ გულისხმობს მკაცრ, სადამსჯელო ღონისძიებებს. პირიქით, გადატვირთვა იმისთვის დაჭირდათ, რომ ურთიერთობები დაარეგულირონ, გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიონ და თანაარსებობა ნაკლებ კონფლიქტური გახადონ. ახლა ჩვენში ბებერ ევროპას ხშირად ლაჩარს, მოღალატეს, გაზზე გაყიდულს უწოდებენ და გვარწმუნებენ, რომ მათ თითქმის არასდროს უნდა დავუჯეროთ, ხშირად დანანებით ამბობენ, მაკეინს რომ გაემარჯვა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდაო. იქნებოდა კი სხვანაირად, ან უნდა ყოფილიყო?! ყველა ის სახელმწიფო, რომელთა მიმართაც პრეტენზიები გვაქვს, შემდგარი, ჩამოყალიბებული და დემოკრატიული ქვეყანაა დემოკრატიული ღირებულებებით, იმ ღირებულებებით ჩვენც რომ უნდა გაგვეთავისებინა და გვეცხოვრა, ჩვენ ხომ სწორედ ისეთი სახელმწიფოს შექმნა გვინდოდა, სადაც თავს დაცულად და უსაფრთხოდ, საჭიროდ და მნიშვნელოვნად ვიგრძნობდით. ეს რომ არ ან ვერ გამოგვივიდა, ამის კიდევ ერთი დასტური ჩემთვის აგვისტოს ომი და ხელისუფლების გაცრუებული მოლოდინია, გულუბრყვილო მოლოდინი, რომ სხვადასხვა ქვეყნის მმართველები საკუთარ სამშობლოს, მოქალაქეებს იმ რუსეთს დაუპირისპირებდნენ, რომლის სახეც კიდევ ერთხელ დავანახეთ.

საქართველოს მთავრობა მსოფლიოთია იმედგაცრუებული, ჩემი იმედგაცრუების არეალი კი გაცილებით ვიწროა: მე არ ვცხოვრობ იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანების სიცოცხლე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვინმესთვის რამეს დამტკიცება.

აპრილი 13, 2010

ინტელექტის ექსპორტი საქართველოდან

Filed under: Uncategorized — annadrouli @ 5:54 PM
Tags: ,

უკანასკნელ წლებში საქართველოში მკვეთრად გაზრდილი მიგრაციის დონე სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. მიზეზიც ყველასთვის ცნობილია: ღრმა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი.
ქვეყანაში არსებული პირობების გამო ლეგალურად თუ არალეგალურად ემიგრირებული ქართველები რამდენიმე ჯგუფად იყოფიან: ეკონომიკური ემიგრანტები, ლტოლვილები, ე.წ. პოლიტიკური ლტოლვილები და მაღალკვალიფიციური ემიგრანტები.
რათქმაუნდა, ნებისმიერი ტიპის ემიგრანტების არსებობა, მითუმეტეს ასეთი რაოდენობით, ქვეყნისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს, მაგრამ ამჯერად, ყურადღებას მაღალკვალიფიციური ადამიანების-პროფესიონალების ემიგრაციაზე ანუ ქვეყნიდან ინტელექტის ექსპორტზე გავამახვილებთ.
ინტელექტუალური ემიგრაციის მიზეზიც, რათქმაუნდა საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გახდა. კრიზისმა არა მხოლოდ მოსახლეობის მატერიალურ მხარეზე იმოქმედა, მოხდა ღირებულებების და პრიორიტეტების შეცვლა. ასე მაგალითად, მკვეთრად დაეცა მეცნიერების პრიორიტეტულობა. ერთ დროს მოთხოვნადი და ძლიერი მეცნიერებები განადგურების პირას მივიდა. დაუფინანსებლობამ, ინფრასტრუქტურის განუვითარებლობამ, რაც თავისთავად შეუძლებელს ხდის კვლევების ჩატარებას, მეცნიერს საკუთარ ქვეყანაში პროფესიულ, ინტელექტუალურ თუ მატერიალურ პლანში რეალიზების საშუალება არ მისცა. გამოსავალი ემიგრაცია აღმოჩნდა, მითუმეტეს, რომ საზღვარგარეთ, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში სპეციალური პროგრამები იქმნება “ტვინების მისაზიდად” და მათი ინტელექტუალური რესურსის გამოსაყენებლად.
ასე აღმოჩნდნენ ნიჭიერი, აქტიური და ინტელექტუალი ქართველები საზღვარგარეთ.
ერთ-ერთი მათგანია ფიზიკოსი, ბატონი დავით ლომინაძე, რომელიც აშშ-ში ქ. ლუისვილში მოღვაწეობს. ბატონი დავითი 1991 წელს ლუისვილში ჩატარებულ მსოფლიო სიმპოზიუმში მონაწილეობდა, სწორედ იქ დაინტერესდა ფიზიოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მისი კვლევებით და სამუშაოდ მიიწვია.
-“კარგი საშუალება მეძლეოდა მეთანამშრომლა ამერიკელებთან და ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი, რომ ერთი წლით წამოვსულიყავი სამუშაოდ. 1992 წელს მთელი ოჯახი ჩამოვედით ლუისვილში. თუმცა საქართველოში არსებული მდგომარეობის გამო იძულებული გავხდით აქ ყოფნა 1998 წლამდე გაგვეგრძელებინა. 1998 წელს ლუისვილის ფიზიოლოგიის დეპარტამენტი თბილისის ფიზიოლოგიის ინსტიტუტთან არსებულ რეოლოგიის ცენტრთან დავაკავშირე იმ მიზნით, რომ სამუშაოების ნაწილი თბილისში ჩატარებულიყო, თავადაც საქართველოში დავბრუნდი, მაგრამ აქ არსებული მდგომარეობის გამო (თუნდაც ელექტროენერგიის დეფიციტი), მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა და ამიტომ 1999 წელს ამერიკაში დავბრუნდი”.
ბატონი დავითის თქმით, ამერიკაში მეცნიერებას ძირითადად სახელმწიფო ორგანიზაციები აფინანსებენ. განსაკუთრებული ყურადღება კი გამოყენებით კვლევებს ექცევა.
-“ნებისმიერი კვლევითი სამუშაო, სანამ ის მომგებიანი გახდება, საჭიროებს ძალიან დიდ თანხებს. ამ თანხების მოძიება ამერიკაში დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. დღევანდელ საქართველოში კი მეცნიერების განვითარება უტოპიაა, რადგან საქართველოს ეკონომიკა ვერ შეძლებს შეინახოს სამეცნიერო დაწესებულებები და დააფინანსოს კვლევითი სამუშაოები, სწორედ ამიტომ, მიუხედავად სურვილისა ჯერჯერობით უკან დაბრუნებაზე არ ვფიქრობ”.
Bბატონი დავითი ამერიკული კრიტერიუმებით ბედნიერი ადამიანია. ბედნიერია იმიტომ, რომ აქვს შესაძლებლობა გააკეთოს საყვარელი საქმე, მოახდინოს ინტელექტის და შესაძლებლობების რეალიზება, თანაც შესაბამისი ანაზღაურების ფასად. მაგრამ ქართული მენტალობიდან გამომდინარე, მისი ბედნიერება ეჭვქვეშ დგება, რადგან საყვარელ საქმეს საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი ხალხისთვის ვერ აკეთებს.
იმ მეცნიერების რიცხვი, რომლებიც უცხო ქვეყანაში მოღვაწეობენ, საკმაოდ დიდია. თუმცა ზუსტი ინფორმაციის მოძიება შეუძლებელი აღმოჩნდა. ვერც განათლების სამინისტროში მოგვაწოდეს საჭირო ინფორმაცია, ვერც მათ მიერ რეკომენდირებულ საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო თუ ქართველოლოგიის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების ფონდებში. მეცნიერებათა აკადემიაში საზღვარგარეთ მოღვაწე ორმოცდაათამდე მეცნიერის მონაცემები ჰქონდათ, რაც დამეთანხმებით, რეალურ მაჩვენებელზე გაცილებით ნაკლებია. აი, სტატისტიკის დეპარტამენტში კი, თურმე გაცილებით სერიოზულ თემებზე მუშაობენ.
გაუგებარია, რატომ ჩათვალეს ინტელექტუალური ემიგრაცია არასერიოზულ თემად. ინტელექტის ექსპორტი სულაც არ არის უსაფრთხო და უმნიშვნელო ქვეყნისთვის. ამ გადინებით ქვეყანაში ინტელექტის საშუალო დონე იკლებს, რაც შეიძლება ჩაითვალოს, როგორც დარტყმა ქვეყნის ინტელექტუალურ უსაფრთხოებაზე. ეს კი ძალიან საშიშია, მითუმეტეს, რომ 21-ე საუკუნე სწორედ რომ ინტელექტის საუკუნეა. ქვეყნის ეკონომიკა, განვითარება მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. მაღალი ტექნოლოგიები, გამოგონებები, წარმატებული კვლევები დახარჯულ ფულს ათმაგად აბრუნებს უკან და გარდა ეკონომიკური მაჩვენებლებისა, ქვეყნის იმიჯზეც დადებითად მოქმედებს.
სწორედ ამიტომ, ინტელექტის ექსპორტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების, სახელმწიფოსი. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა ეს ტვინი, ყველა ეს ინტელექტუალი ქმნის იმდენად საინტერესო პროექტებს სხვადასხვა სფეროში, რომ უცხოელების დიდ დაინტერესებას იწვევენ, დაფინანსების შემდეგ მილიონობით დოლარი მოაქვთ, სამწუხაროდ, უცხო ქვეყნისთვის, საქართველოსთვის კი ეს ადამიანები და ეს პროექტები დაკარგულია.
Pპრობლემის წარმატებული თუ წარუმატებელი გადაწყვეტით ჩვენი პოზიცია გამოჩნდება, თუ რას ვირჩევთ, ინტელექტუალურ, მაღალკვალიფიციურ საზოგადოებას და ამ რესურსით განვითარებულ სახელმწიფოს თუ სახელმწიფოს განვითარებას მხოლოდ აქამდე შემოთავაზებული პროექტებით ( თუნდაც, ასე მნიშვნელოვანი ვაზით და ჩაით).

აპრილი 12, 2010

მე და რუსეთი

მე არ მიფრენია მოსკოვში 30 მანეთად, არც მოსკოვური ასაწონი ნაყინი მიჭამია, არც ლენინგრადში, თეთრი ღამეებისას მისეირნია. მე არასდროს ვყოფილვარ რუსეთში!

წამიკითხავს დოსტოევსკი, ჩეხოვი, ტოლსტოი…… თუმცა არავის უთქვამს ჩემთვის მსოფლიო ლიტერატურა რუსი მწერლებით იწყება და მთავრდებაო. საერთოდაც, არასოდეს განმისაზღვრავს ნაწარმოების მოწონება – არ მოწონება ავტორის ეროვნებით.

მართალი გითხრათ, 8 აგვისტოს შემდეგ ჩემი რუსეთისადმი დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა. ვთვლი, რომ მე და ჩემი თაობა ქვეცნობიერით თუ ცნობიერით დამოუკიდებლები ვართ რუსეთისგან, მისი ზეგავლენისაგან. ამიტომაც არ გამკვირვებია და არც მწყენია. თუმცა არ მწყენია , ალბათ არასწორი ფორმულირებაა ჩემი განწყობის, უბრალოდ მე არ მიფიქრია ეს როგორ გვაკადრეს, როგორ გაგვწირეს, ჩვენ ხომ მეგობრები ვიყავით, ერთად რამდენი გადაგვიტანია, გვიქეიფია, გვიცეკვია, გვიმღერია.

რუსეთი არასოდეს ყოფილა, ჩემთვის ახლობელი და მშობლიური, ასე რომ აგვისტოს ომი, ისეთივე მტკივნეული იყო ჩემთვის, როგორიც იქნებოდა ვთქვათ ომი სასომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან.

მე არ მინდა ვილაპარაკო ამ ომის აუცილებლობაზე, საჭიროებაზე, გარდაუვალობაზე. მე ის დამოკიდებულება მაფიქრებს , რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ომამდეც და ომის შემდეგაც, პატრიოტობა ბევრისთვის მხოლოდ ანტირუსული განწყობით გამოიხატება. სახელმწიფოც ხელს გვიწყობს გვძულდეს და გვეზიზღებოდეს „ღრუსეთი“, ყველა და ყველაფერი „ღრუსული“. სიძულვილი კი ცუდი მრჩეველია, ვერასდროს გადადგამ რაციონალურ, ქმედით, შედეგიან ნაბიჯს თუ გათვლებს ზიზღით აკეთებ, შეცდომას შეცდომაზე დაუშვებ და ჭაობში უფრო ღრმად ჩაეფლობი.

ქართველებს უკიდურესობები გვახასიათებს, რაც რუსეთისადმი დამოკიდებულებაშიც ნათლად ჩანს, ზოგისთვის რუსეთი ისევ თითქმის მშობლიური ქვეყანაა,რომელთან ერთადაც თავს მშვიდად, უსაფრთხოდ გრძნობდა. ზოგისთვის მონსტრია, რომელთანაც საერთო არავინ და არაფერი უნდა გვქონდეს, რომელთანაც მოგებული მატჩი სახალხო ზეიმად უნდა იქცეს(გულწრფელი მადლობა რეგბისტებს კიდევ ერთი გამარჯვებისთვის) და რომელთანაც იმიტირებულმა ომმა სახალხო მღელვარება და შიში გამოიწვია.

ჩემთვის რუსეთი მეზობელი ქვეყანაა, საერთო წარსულით(ჩემთვის მტკივნეულით), ჩემზე დიდი და ძლიერი. მე არ მიყვარს რუსეთი, არც მძულს, რადგან ვიცი რომ ამ ქვეყანასთან ურთიერთობებში გრძნობები მხოლოდ ხელს შეგვიშლის, დიდ რუსეთს ისედაც ბევრი უპირატესობები აქვს ჩვენზე, კიდევ ერთს ნუღარ დავუმატებთ.

გვეუბნებიან ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომი გრძელდებაო. მე ვიცი, რომ ომი წავაგეთ და ისიც ვიცი, რომ კიდევ ბევრ ომს წავაგებთ, სანამ არ შევცვლით დამოკიდებულებას, განწყობას, ემოციებს საკუთარი ქვეყნის და გარესამყაროს მიმართ.

Create a free website or blog at WordPress.com.