Annadrouli's Blog

ივნისი 10, 2010

ცოლების ციებ-ცხელება

ერთი კვირა… 5 დღე… 3 დღეც… ლუდს ყუთით ვიყიდი, მიწისთხილი არ დამავიწყო… ბევრნი არა, სულ ოთხნი ამოვლენ… ბავშვი შენ გყავდეს რა, დააძინე ან მეორე ოთახში გაიყვანე, თორემ არ გვაცლის… ჰო, კარგი, რა მოხდა, სულ რაღაც ერთი თვე, აი გახდება ინგლისი ჩემპიონი და ყველაფერი ჩვეულებრივ  იქნება, ზუსტად 4 წლით…

ხანდახან ერთი თვე რომ 4 წელზე მეტად იჭიმება ჩემი ქმრისთვის უსუსური არგუმენტია, მე მის წუწუნზე ვიღიმი ირონიულად, რომ ნებისმიერ მოწიფულ და ზომიერად ფერ-ხორციან მამაკაცს უფლება აქვს ზაფხულის ცხელი საღამოები ტელევიზორის წინ, ლუდის ბოთლით ხელში გაატაროს და ცვალებადი ემოციებით უგულშემატკივროს საკუთარ ფავორიტს მსოფლიო ჩემპიონატზე.

მიუხედავად ირონიისა და პროტესტისა, ზუსტად ვიცი, რომ  წინასწარ წაგებულ პარტიას ვთამაშობ: 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ქმარს ვკარგავ! გულს იმით ვიმშვიდებ, რომ მარტო არა ვარ. თერთმეტიდან თერთმეტამდე მსოფლიო ჩემპიონატთან ერთად ცოლების ციებ-ცხელებაც იწყება, მსოფლიოს მაშტაბით.

ვიცი, გამოჩნდება ახლა ვინმე თავგადაკლული, ცოლისგან გულშეწუხებული ფეხბურთის გულშემატკივარი და ჭკუის სწავლებას დამიწყებს, რომ ცოლები ვალდებულნი ვართ ანგარიში გავუწიოთ მეუღლეების გატაცებებს და არა მარტო ვაცადოთ თამაშით ტკბობა, არამედ მათთან ერთად ჩავებათ ამ დიდ ფერხულში.

ვცადე, ბატონო, დედას გეფიცებით, ვცადე! ამ 4 წლის წინ, 2006-ში, არ ვიცი, საყოველთაო აჟიოტაჟმა, კაფეებში თუ რესტორნებში გახსნილმა ფან-კლუბებმა, სხვადასხვა ქვეყნების  დროშებით მოხატულმა ქართველებმა იმოქმედეს  ჩემზე თუ უბრალოდ, ახალდაქორწინებულს ეკრანთან გატარებული ”საფეხბურთო” საღამოებიც რომანტიკულად მეჩვენებოდა, ქმრის და მისი მეგობრების მხარდამხარ მეც მთელი გულით ჩავერთე ერთთვიან  მარათონში, იტალიის მაისურიც შევიძინე(ნუ, რა ვქნა, საგულშემატკივრო გუნდი ფეხბურთელთა სიმპატიურობის მიხედვით შევარჩიე) და უნდა ვაღიარო, ემოციის გამოხატვის  ერთი-ორი მეტნაკლებად  მისაღები ქართული ხერხიც დავიზეპირე, მაგრამ ჩემმა ენთუზიაზმმა მერვედფინალამდეც ვერ გასტანა, ფანობა იმაზე მალე მომბეზრდა, ვიდრე იტალიის ნაკრების ყველა ფეხბურთელის გვარს დავიმახსოვრებდი და მეც განრისხებულ ქალთა არმიას შევუერთდი, უკვე გამოცდილები მოთმინებით რომ ელოდნენ ჩემს გონზე მოსვლას.

რა ხერხებს და მახეებს ვიგონებდით წართმეული ყურადღების დასაბრუნებლად ამის მოყოლას აზრი არა აქვს(არცერთმა გაამართლა), თუ ვინმე ნაცად და წარმატებულ მეთოდს გაგვიზიარებს ძალიან დამავალებს, მანამდე კი დაჩაგრულების როლის მორგებას, ალბათ შემწყნარებლობის თამაში ჯობია( აი, ვითომ გვესმის კაცების ამ დიდი გატაცების და მზად ვართ მათი გულისთვის ესეც ავიტანოთ, თან საყვედურების გარეშე. მეტი არ აგვიტანია?!) სამაგიეროდ, მერე მთელი 4 წელი ვალის(მოთმინების) გადახდის დროა. ჩვენი, ცოლების დრო..

პ.ს.  ინგლისელებს(ფეხბურთის გამომგონებლებს) ერთი კარგი გამონათქვამი აქვთ:”თუ ძალადობის მსხვერპლი ხართ და მშველელი არსად ჩანს, სხვა რა გზაა,მოდუნდით და ისიამოვნეთ!”

15 Comments »

  1. ჩემს ქმარს აუცილებლად უნდა უყვარდეს ფეხბურთი :)))) სხვა შემთხვევაში ვერ ამიტანს :))))))

    კომენტარი ავტორი ლიტერატორი — ივნისი 10, 2010 @ 11:46 AM | პასუხი

  2. მე არ ვუყურებ ფეხბურთს და არ ვთამაშობ, მარტო ის ვიცი რო ოვლერ კანი გერმანიაშ თამაშობდა და მგონი აღარაა და რონალდო რო მაგარი ფეხბურთელია

    დალშე აზრზე აარ ვარ
    ხოდა ყველა კაცები ერთნაირები ხო არ ვართ?
    თუმცა უნდა გამოვტყდ რო ინტერნეტ ტოტალიზატორს ვთამაშობ (ფულის პონტში მარა პატარა თანხებზე რა) (ვერთობისავით)
    :D:D

    კომენტარი ავტორი CGsaba — ივნისი 10, 2010 @ 12:29 PM | პასუხი

  3. არა უშავს,ეს ისეთი მოვლენაა,კაცებს უნდა გავუგოთ :))) გამოუშვან ორთქლი 4 წელიწადში ერთხელ :დ

    კომენტარი ავტორი mariefille — ივნისი 10, 2010 @ 1:45 PM | პასუხი

  4. ამ დროს ეჭვიანი ქმარი გამოგადგება :დ

    როცა ფეხბურთი დაიწყება შენ დაქალებთან წადი კაფეში . უკეთესია თუ საღამო იქნება და ზვირფასი მეორე ნახევარი დიდი შანსია ტელეს მოწყვიტო :დ

    რავი, მგონი უსუსური არგუმენტია, მარა პირველ ჯერზე წავა :დ

    შენ უკვე 5 წლიანი გამოცდილება გაქვს ამის ( როგორც მივხვდი) და დალშე შენ გაგვანდე ნაცადი ( დაუარყოფილი) ხერხები : ))))

    კომენტარი ავტორი sunwaited — ივნისი 10, 2010 @ 3:34 PM | პასუხი

    • ე.ი. კაფე, დაქალები, გაბუსხვა, ცხვირის ჩამოშვება, მრავალსაათიანი დუმილი ნაცადი და წარუმატებელი ხერხებია :)) ყოველ შემთხვევაში ჩემთან, რა ვიცი, იქნებ თქვენთან გაამართლოს :)) თუ არადა mariefille–ის არ იყოს უნდა გავუგოთ და ვაცადოთ, სხვა რა გზაა 🙂

      კომენტარი ავტორი annadrouli — ივნისი 10, 2010 @ 5:40 PM | პასუხი

  5. “არა მარტო ვაცადოთ თამაშით ტკბობა, არამედ მათთან ერთად ჩავებათ ამ დიდ ფერხულში.”
    ეს არის დიდი შეცდომა იმ კაცებისგან, ვინც ამას აცხადებს. ფეხბურთით დაუინტერესებელი ქალის მაგ ფერხულში ჩართვა ყოველთვის წარუმატებლად მთავრდება. არ ღირს.

    კომენტარი ავტორი Tornike — ივნისი 10, 2010 @ 10:10 PM | პასუხი

  6. მართლაც, ”მოდუნდი და ისიამოვნე”, ჯობია აყვე ქმარს და კიდევ უფრო მონდომებით სცადო აზარტი დაუჭირო ფეხბურთის ყურებას, სხვა გამოსავალი არაა 😉 :))

    კომენტარი ავტორი Oroli — ივნისი 12, 2010 @ 8:20 AM | პასუხი

  7. არადა, ფეხბურთსაც შეიძლება მუღამი დაუჭიროს ადამიანმა :დ

    არ ვიცი რა გირჩიო, მე მაგ მხრივ პრობლემა აქ მაქვს: მთელი ოჯახი, დედ–მამიანად ანუ, ვუყურებთ :დ

    კომენტარი ავტორი kevana — ივნისი 12, 2010 @ 10:52 AM | პასუხი

  8. http://haven-kilvater.blogspot.com/

    კომენტარი ავტორი kilvater — ივნისი 12, 2010 @ 10:41 PM | პასუხი

  9. ანუკა, ბევრი ვიცინე, სიმართლე გითხრა ვისიამოვნე კიდეც! რაც მართალია საოცარი იუმორით წერ ყველაზე მტკივნეულ (უმუშევრობა-უქმრობას(თუნდაც ერთი თვით) ვგულისხმობ)თემებზე! რა გისურვო? ნუ დაუჯერებ ინგლისელებს და ნუ მოდუნდები, გააგრძელე წერა, ეს მართლაც შენი საქმეა!!!!!!!!

    კომენტარი ავტორი inga — ივნისი 13, 2010 @ 9:26 AM | პასუხი

  10. მეც მაკომპლექსებს მამაკაცთა საფეხბურთო ვნებები 😀 და მინდა ისეთი ადამიანი მოვნახო, უფეხბურთო პლანეტაზე რომ წამომყვეს ვითარცა ერთი ფრანგული კომედია გვიამბობს 😀

    კომენტარი ავტორი chankotadze — ივნისი 13, 2010 @ 10:32 AM | პასუხი

  11. მგონი ქალებო აჭარბებთ საყვარელი ადამიანის გამო უნდა მოითმონოთ 1 თვე 4 წელიწადში ერთი თვე რომ დათმოთ არაფერი ფაშავდება :)))

    კომენტარი ავტორი a.k.f. — ივნისი 17, 2010 @ 12:41 PM | პასუხი

  12. უფრო სწორად, 2 წელიწადში 1 თვე – “ევროც” ხომ გვინდა?

    კომენტარი ავტორი Tornike — ივნისი 17, 2010 @ 1:27 PM | პასუხი

  13. კარგი სტატია, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი უსუტობაა. ევროპული ნაკრებების გულშემატკივრები არც ევროპის ჩემპიონატებს აკლებენ ყურადღებას. ასე რომ ქმრებიც 2 წელიწადში ერთხელ გეცლებათ ხელიდან 🙂

    კომენტარი ავტორი დავითი — ივნისი 29, 2010 @ 2:36 PM | პასუხი

  14. ევრო მართლა გამომრჩა მხედველობიდან 😀

    კომენტარი ავტორი a.k.f — ივლისი 18, 2010 @ 8:53 AM | პასუხი


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.