Annadrouli's Blog

ივლისი 28, 2010

„ქართული“ თანასწორობა

„ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია“ ჯორჯ ორუელი

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და კიდევ მრავალი ქვეყნის კანონმდებლობა თუ კონვენცია სხვადასხვა მუხლის ქვეშ მსგავსი სიტყვებით კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას იცავს: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.“

2003–ში ჩვენ(ხალხი) მათ(ხელისუფლებას) დავუპირისპირდით, არსებითი უფლებების შელახვა ვეღარ ავიტანეთ, დასავლური ღირებულებებით ცხოვრების აუცილებლობა დავინახეთ, ვიფიქრეთ, რომ მოქალაქეთა მზაობაც იყო და რევოლუციის შემდეგ, ნაახალწლევს 96%–ით ჩვენი სურვილები და იმედები ახალგაზრდა რეფორმატორებს ვანდეთ. დასავლეთმა არჩევანი მოგვიწონა, დემოკრატიის შუქურად გვაღიარა და დახმარებასაც დაგვპირდა უფრო მეტი დემოკრატიისთვის, რომელიც ერთმნიშვნელოვნად, სამართლებრივი და შემდგარი სახელმწიფოს საფუძველია.

2010 წლის ივლისში, თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, დემოკრატიის შუქურა იყოს.

2004–დან 2010–მდე, როგორც ქალბატონი კლინტონის ნათქვამიდან ჩანს, შუქურობიდან პოტენციალის მქონემდე დავედით!

წლებთან ერთად პროცენტების რაოდენობამაც იკლო, იმედებს წყალი შეუდგა და თეთრზე შავით დაწერილი, ხმამაღლა პირობად თუ ფიცად მოცემული, რატომღაც ძნელ შესასრულებლად და ისევ იმედის ჩასახვის საშუალებად დარჩა – გასაკეთებელი კიდევ ბევრია!

თანასწორობის, სამართლიანობის და კანონის დაცვა საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც ძნელი აღმოჩნდა, ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენ უფლებებს ვერ ვიცავდით, ისინი კი უფლებებს ამეტებდნენ და მოვალეობას თავს არიდებდნენ.

გაერთიანების საფუძველი, ალბათ, რეფორმატორების ხედვა „მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“ უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დემოკრატიის მოსურნე საზოგადოება, ტოლერანტებად წოდებულები საკმაოდ ხშირად ვანსხვავებდით და ვანსხვავებთ ადამიანებს ეთნიკური, რელიგიური, სოციალური თუ წოდებრივი ნიშნებით. თითქოს დეტალებია – ყოველდღიური, მასობრივი და თვალ–ყურმიჩვეული, მაგრამ ეშმაკი ხომ სწორედაც რომ დეტალებშია. ერთ–ერთი შოუს მონაწილის, ძალიან ნიჭიერის ეთნიკურ წარმომავლობაზე ყურადღების გამახვილება, იმავე საკითხზე დეტექტორთან დასმული სამარცხვინო შეკითხვა, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რელიგიური თემებით აპელირება, გენდერული ბალანსის დაუცველობა და ხშირ შემთხვევაში აბუჩად აგდება, იმ უფლებების დამრღვევებად გვაყალიბებს, ასე რომ ვესწრაფვოდით. ჩვენ, ყველას, მაშინ, დასავლური დემოკრატიისთვის მზაობას რომ გამოვთქვამდით ძალიან მნიშვნელოვანი დაგვავიწყდა – მენტალიტეტი, ერის თავისებურებები და საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული შეხედულებები, ხშირად დისონანს რომ ქმნიან კანონთანაც და დემოკრატიის პრინციპებთანაც.

„რაც პირინეის აქეთ სამართლიანია, პირინეის იქით უსამართლობად ითვლება“ , სამართლიანი სამართლის ქართველ ხალხთან ერთად შექმნა ხელისუფლებამ არ მოინდომა. ქართველებისთვის კი უცხოეთიდან კალკირებული კანონები და რეფორმები რთულად მისაღები აღმოჩნდა. შედეგად, პროტესტდებოდა „ჩაშვების ინსტიტუტი“, „ნულოვანი ტოლერანტობა“, თუმცა ყველაზე დიდი პროტესტი ხელისუფლების მხრიდანვე კანონების და ადამიანთა უფლებების დარღვევას მოჰყვა. ტოლერანტობა არათანაბრად „განულდა“, კორუფცია „გაელიტდა“, სიცოცხლის და საკუთრების უფლება კანონის სახელით დაირღვა, მოქალაქეების არათანასწორობა აფხაზეთისა და აგვისტოს ომით დაზარალებულების მაგალითზეც ნათლად გამოჩნდა. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მთავრობას „საკუთარი“ ლტოლვილები და გმირები გამოუჩნდნენ, აფხაზეთიდან დევნილები და ამ თუ დიდ სამამულო ომში დაღუპულები კი სხვისი გმირები და საპატრონოები გახდნენ(ანუ არავისი), დამოუკიდებელი არჩევნები და სიტყვის თავისუფლება ისევ მოსაპოვებელ ღირებულებებად დარჩა, ისევე როგორც პოტენციალი…

„ქართული“ თანასწორობის ლაბირნთებში ჩვენც და თქვენც ბევრჯერ დავიკარგეთ, ერთმანეთიც მრავალჯერ დავკარგეთ. ის, რომ ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორი, ალბათ აქსიომაა. თუმცა, მასშტაბებს გააჩნია, რაოდენობას და მნიშვნელობასაც. ისე, რეალურად და თუნდაც ისტორიულად, უმნიშვნელოს და მცირედის პატიება უფრო ძნელად შეგვიძლია ვიდრე დიდის და მნიშვნელოვანის, რას იზამ მენტალიტეტის ბრალია, სამწუხაროდ, სწორედ ასეთი ცხოვრების და მმართველობის წესი დავამკვიდრეთ … ისინი – ისინი კი საკუთარ თავსაც იცავენ, სხვის უფლებებსაც და სახელმწიფოს ინტერესებსაც, იმიტომ, რომ მთავარზე შეთანხმდნენ – ადამიანი ქმნის სახელმწიფოს, სახელმწიფო აყალიბებს ადამიანს და თუ მკრეხელობად არ ჩამითვლით, მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე მაქვს ისტორია – ანუ არსებობს ისტორიულად გამოცდილი „ჩვეულებისამებრ მამულისა სვლა“, რომელსაც გახსენება და დროსთან მორგება სჭირდება.

კომენტარის დატოვება »

კომენტარები ჯერ არ არის.

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

დატოვე კომენტარი

Create a free website or blog at WordPress.com.