Annadrouli's Blog

სექტემბერი 20, 2012

გეტკინა თუ გესიამოვნა?!

Filed under: Uncategorized — annadrouli @ 3:11 PM

დიდი ხანია არაფერი დამიწერია. არ ვიცი, რატომ. არა, ვიცი, უბრალოდ ძნელი საღიარებელია, რომ მეზარებოდა, რომ ჩემი დამოკიდებულების წერილობითი ფორმის გამოხატვისგან განსხვავებით მთელ დროს უამრავ სხვა წვრილმან თუ მსხვილმან საქმეს და უსაქმურობას ვუთმობდი. ალბათ არც საკმარისად მსიამოვნებდა და არც საკმარისად მტკიოდა.
ყოველთვის როცა რაღაც ისეთი ხდებოდა, საკუთარი ყოველდღიურობისგან განსხვავებული, შემაშფოთებელი, აღმაშფოთებელი, როცა დევნილებს ასახლებდნენ, როცა ვეტერანებს არბევდნენ, როცა სახელმწიფო მოხელეს კამერების წინ ამცირებდნენ, მეც და ბევრი ირგვლივმყოფნიც თანაგრძნობას შემდეგი ფრაზით ვამძაფრებდით: წარმოიდგინე,რომ შენ მოგექცნენ ასე, შენს დედას, მამას, შენს შვილს. უბადრუკი საშუალებაა სხვების ტკივილის საგრძნობლად… და საერთოდაც, ხშირ შემთხვევაში სხვების ტკივილიც კი უბადრუკი ფრაზაა.
პატიმრების წამების კადრები, დამნაშავეების თუ უდანაშაულოების, სრულწლოვნების თუ არასრულწლოვნების, ცინიზმით გაჟღენთილი და უდარდელი ხმა კადრს მიღმა: გტკივა თუ გსიამოვნებს?- სახეში სილის გაწნაა. მე, მაგალითად გამაწნეს. ისე ძალიან, რომ მათ ადგილას საკუთარი თავის და ახლობლების წარმოდგენაც არ დამჭირვებია. მთელი შეგნებით ვიცი, რომ მტკივა, ისიც ვიცი, რომ მას, ხმას სიამოვნებს. ერთი ეგაა, ნეტა თავად რა უნდა ჩემგან ან მისი მსხვერპლისგან, რომ გვტკიოდეს თუ გვსიამოვნებდეს?!
“გცემს, ე.ი. უყვარხარ“ – ცოლქმრულ ურთიერთობებში ძალადობის გასამართლებლად ხშირი და მარტივი ფორმულირებაა, რომელსაც იყენებენ შვილის სახლში დაბრუნების პერსპექტივით შეშინებული მშობლები, არამკითხე, დიდი გამოცდილების მქონე მეზობლები, თვალჩალურჯებული მეგობრები. შენც ხშირ შემთხვევაში იჯერებ, რომ დიდ სიყვარულს და ზრუნვას ყოველთვის მოსდევს სადამსჯელო ღონისძიებები, ისევ შენთვის, შენი კარგად ყოფნისთვის. ხშირად ხვდები, რომ ირგვლივ ყველა გატყუებს, მაგრამ პასუხისმგებლობის მარტო საკუთარ თავზე აღება გაშინებს, ადვილია ერთს სხვებთან ერთად დაუპირისპირდე, აი ერთი კი ბევრის პირისპირ უმოქმედობის მძევლად გაქცევს და ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში გრძელდება, ზრუნვის თავისებური,მკაცრი გამოხატულებებით. რა ადვილია, საკუთარი თავი მსხვერპლად თავად აქციო, მოძალადე მოძალადედ და ირგვლივმყოფნი თანამონაწილედ.
“რადგან ციხეშია, ე.ი. დამნაშავეა, ე.ი. კაცი მოკლა, იქურდა, იყაჩაღა, იძალადა, რატომ უნდა შემეცოდოს. ქურდი ვარო ყვირის, ბინძური მენტალიტეტი აქვს, რომელიც უნდა შეიცვალოს ნებისმიერი ხერხით, ნებისმიერ ფასად, საკუთარ თავზე გამოცადოს რასაც სხვებს უშვებოდა, მერე აღარ იზამს, მერე აღარ იტყვის, არ იქურდებს, არ იყაჩაღებს, არ იძალადებს….“ – იმის თქმას რა აზრი აქვს,რომ ნებისმიერ ქვეყანაში, თუნდაც არაქართული სასამართლოს პირობებში ყოველთვის არსებობს შანსი უდანაშაულო პატიმრის არსებობის, მით უმეტეს, რომ უდანაშაულო პატიმრებზე აპელირება, იმის განცდას გიტოვებს, რომ თუ ნამდვილად დამნაშავეა ე.ი. შეიძლება ასე მოექცე. უსუსურობის შეგრძნებით, საშინელი უსურობით ამტკიცებ,რომ დამნაშავე კანონით უნდა დაისაჯოს, არაფრით მეტით, რაოდენ კეთილშობილი სურვილებიც არ უნდა ამოძრავებდეს დამსჯელს, როგორადაც არ უნდა ზრუნავდეს საზოგადოების სიჯანსაღესა და უსაფრთხოებაზე. არავინ უნდა სვამდეს შეკითხვას,გვტკივა თუ გვსიამოვნებს, გვწყინს თუ გვტკივა, სულერთია თუ გვტკივა. უნდა არსებობდეს რაღაც, რაც ყველას ერთნაირად ეტკინება, მიუხედავად ნებისმიერი განმასხვავებლებისა მათ შორის: სქესის, მრწამსის, განათლების, პოლიტიკური შეხედულებების. რომ არასდროს, ცინიკურმა ხმამ კადრს მიღმა არ იფიქროს, რომ არსებობს ვიღაც, ვისაც ესიამოვნება, ვინც გაამართლებს, ვისთვისაც სულერთი იქნება.
ბევრისთვის სულერთი არ არის, ზოგისთვის იმდენად არ არის, რომ გაბოროტებულები იგივე ხერხით, იგივე არაადამიანობით ვუპირებთ დასჯას ახლანდელ ჯალათებს. მერე ახლანდელები ყოფილებად იქცევიან, ჩვენ არსებულებად, ვიღაცეები მომავლად. ვივლით წრეზე მტკიცებით,რომ ჩვენგან დასჯილები ღირსები არიან, რომ მათი ქმედებებიდან გამომდინარე გვაქვს უფლება კანონზე მაღლა დავდგეთ, სასჯელი გავამძაფროთ, მერე ჩვენც გაგვიმძაფრებენ, საკუთარი კანონებით დაგვსჯიან და იმ ერთის, რომელმაც როდესღაც დაიწყო,ძალიან დიდი ხნის წინ, მუდმივ არსებობას ვუზრუნველყოფთ, თავად დავისჯით საკუთარ თავს ყველაზე დიდი სასჯელით- დავემსგავსებით!
სამწუხაროდ, არ მახსოვს ვინ თქვა, რომ დღეს საქართველოში გოიმური მმართველობაა თუ მმართველობის გოიმობა, მაგრამ იმის საკმარისად ჩათვლა, რაც კადრების შემდეგ სახელმწიფომ განახორციელა, სტარტეგიაშეუცვლელი ხელისუფლების(ახალი ადამიანის გამოჩენა, ამ შემთხვევაში ტუღუშის) ჩვეული, ტაქტიკური ნაბიჯის ხალხის დაკვეთის შესრულებად აღქმა, ძალიან ადვილად აქცევს მმართველობის გოიმობას საზოგადოებრივ, მოქალაქეობრივ გოიმობად.

“მე იგივე ვარ,მარად და მარად!“ – ამბობდნენ, რომ იგივეობა კარგია, რომ ე.ი. საკუთარ თავს, მრწამსს, შეხედულებებს ინარჩუნებ, რომ იგივეობა ძლიერება და სულის სიმტკიცეა. ბოდიში პოეტს, თუ თავადაც მარადიულ ერთნაირობას ასე დადებითად აღიქვამდა, მაგრამ სისულელეა, სირცხვილია, დანაშაულია, უბრალოდ ამაყი პოზაა ამ დროში, ამ სივრცეში, ამ გარემოში საკუთარ თავს, სხვას, სისტემას მუდმივობის, უცვლელობის უფლება მისცე და გახანგრძლივებული ტკივილი, სიამოვნებად ან თუნდაც, არსებობისთვის შეუმჩნეველ, შეჩვეულ დანამატად აქციო.

კომენტარის დატოვება »

კომენტარები ჯერ არ არის.

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.