Annadrouli's Blog

ივლისი 30, 2010

უკულტურობის კულტურა, ან კულტურის უკულტურობა

პროზა და პოეზია, მხატვრობა და სკულპტურა, კინო და თეატრი, მუსიკა და ქორეოგრაფია – კულტურულობას თუ უკულტურობას მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ხელოვნების დარგები რომ განაპირობებდნენ ეს სტატია, ალბათ, არც დაიწერებოდა, ყოველ შემთხვევაში, ამ სათაურით. სამწუხაროდ, ადამიანის და ერის კულტურის დონეს მხოლოდ შემოქმედებითი მხარე არ განსაზღვრავს. გენიალურ ქმნილებებთან და შედევრებთან ერთად კულტურას გაცილებით ბანალური და მარტივი განშტოებები ქმნიან. როგორც ჩანს, ხანდახან მარტივი რთულზე უფრო ძნელია…

სამოქალაქო კულტურა, ის რაც, მოქალაქეობრივ თვითშეგნებას, ეთიკას, ზნეობას, ქცევის წესებს მოიცავს, ცალკეული ინდივიდების ნიჭიერებასა და მწიგნობრობაზე ვერ დაფუძნდება და განვითარდება. „სახალხო“ კულტურას საზოგადოება ქმნის, ჩემით იწყება, შენით და მისით გრძელდება, ან შენით იწყება და ჩვენით გრძელდება, თუმცა, ჩვენს რეალობაში, დაწყება–გაგრძელების პროცესი გაცილებით რთული და არასრულფასოვანია.

საყოფაცხოვრებო ქცევის წესები სამოქალაქო კულტურის საძირკველია, ამავე დროს ძალიან კარგად ასახავს ერის მატერიალურ–პოლიტიკურ აწმყოს და მომავალს. ფიქრი იმაზე, რომელი რომელს განაპირობებს ქათამის და კვერცხის წარმოშობაზე დავას დაემსგავსება, გაცილებით მნიშვნელოვანი არასადაო და თვალნათელი, მძიმე საყოფაცხოვრებო უკულტურობაა, ის, თუ როგორ ვცხოვრობთ და რაში ვცხოვრობთ.

„თბილისი სინათლის ქალაქია“ ჩემმა ძველმა მეგობარმა „თბილისი ნაგავის ქალაქია“ გადააკეთა, ან უფრო მოკლედ „თბილისში ნაგავია“. ორივე ფრაზა მარტივი ჭეშმარიტებაა, თუ სინათლის რაოდენობა და ხანგრძლივობა ხელისუფლების ნებასა და შესაძლებლობაზეა დამოკიდებული, მეორე ფრაზის შემომქმედები და განმხორციელებლები ჩვენ ვართ, თან ძალიან მონდომებულები და გულმოდგინეები. ნაგვის ურნის გვერდით დაგდებული თუ აივნიდან გადმოსროლილი ნაგავი, წაქცეული, გატეხილი თუ მოპარული ურნები, დაბინძურებული საზოგადო თავშეყრის ადგილები, სადარბაზოები, ტრანსპორტი, დამტვრეული და გაძარცული საბავშვო მოედნები კონკრეტული ადამიანების ერთობლივი უკულტურობაა. უწესრიგობა გარეთ ხშირ შემთხვევაში სულაც არ ნიშნავს პირადი სივრცის უპატივცემულობას, ანუ სახლი ჩვენია, ქუჩა– სხვისი ან სულაც არავისი. იმას, რაც საერთოა, ყოველთვის სხვის იმედად ვტოვებთ, ჩვევა გვაქვს ასეთი, წვრილმანებშიც და მსხვილმანებშიც.

ჩვევები მოძრაობის წესებსაც ხშირად გვიცვლიან, მართვის მოწმობის მისაღებად ჩაბარებული თეორიის კარგად ცოდნაზე მთავარი ინტუიცია და იმის წინასწარ გათვლაა, შენს წინ, უკან თუ გვერდით მდგომს როდის რისი გაკეთება მოუნდება, აი როგორც ცეკვის დროს, უნდა იგრძნო და მიჰყვე პარტნიორის მოძრაობებს. გამძლეობა და ცნობისმოყვარეობა თუ გახასიათებთ, მაშინ მშვიდად აიტანთ მოძრაობის შეფერხებას მხოლოდ იმიტომ, რომ სხვადასხვა მანქანებში მსხდომ ნაცნობებს ერთმანეთი მოენატრათ და შუა ქუჩაში როგორც მინიმუმ, მათი ოჯახური მდგომარეობის მცირე მიმოხილვასაც მოისმენთ, მოუთმენლები და არაცნობისმოყვარეები, როგორც წესი გაბმულად და ნერვიულად ასიგნალებენ, შედეგად მთავარი გმირების რისხვას იმსახურებენ: უზრდელები, უწესოები… 2 თვის წინ მოსმენილი ახლაც ყურში ჩამესმის:“ რა იყო, ქართველი არა ხარ, მოვიკითხავ და წავალ, აქ კი არ ვაპირებ დარჩენას“. ჰოდა, წავიდა, სულ რაღაც ათ წუთში. „ქართველობის“ ხათრით ათწუთიანი უკანონობის თუ უკულტურობის მოთმენა სრულიად შესაძლებელი ყოფილა. ესეც ჩვენი ერთ–ერთი ჩვევაა – უსარგებლო და დანაშაულებრივი თმენა.

მოთმინების საფუძველი ხშირად საკუთარი თავის და ქმედებების წინასწარი დაცვაც ხდება, სხვა აკეთებს – ვითმენთ, ჩვენ გავაკეთებთ – მოგვითმენენ! გაკეთებით კი აუცილებლად გავაკეთებთ, ან წითელზე გავალთ, ან მიწისქვეშა გადასასვლელების უარმყოფელები მიწის ზევით ექსტრიმს განვიცდით ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმეც, მარტოები თუ პატარა ბავშვებით ხელში. მერე ის პატარაც ნამდვილი „ქართველი“ გაიზრდება, მოქალაქეობრივი თვითშეუგნებლობა უბრალოდ ჩვევაში ექნება – ჩაიდენს, ჩაიდენენ და მოითმენენ…

სამოქალაქო კულტურა გაცილებით ფართოა, ვიდრე ზევით ჩამოთვლილი მაგალითები, ფართო და ღრმა – არჩევანის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, საკუთარი და სხვების ღირსების დაცვა–მოფრთხილება, საზოგადოების და ქვეყნის პატივისცემა. თუმცა, ელემენტარული უკულტურობა თითქმის გამორიცხავს გაცილებით მაღალი საფეხურის კულტურულობას. ასე რომ, როდესაც არჩევნებს „გვიყალბებენ“, ღირსებას და უფლებებს „გვილახავენ“, რწმენას „გვართმევენ“ იქნებ უბრალოდ, იმიტომაც, რომ კარგად იციან ჩვენი საერთო სენი – დანაშაულებრივი და დამღუპველი თმენა – წვრილმანებშიც და მსხვილმანებშიც!

Create a free website or blog at WordPress.com.