Annadrouli's Blog

დეკემბერი 29, 2010

საზღაური საზღვრისთვის

„მაშ, არავითარი საზღვარი, ჯონათან!“ – ამოკითხული და დამახსოვრებული

ლივინგსტონის „თოლია“ გვიან წავიკითხე. ასაკით არა – გამოცდილებით გვიან. თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდ–(ილებ)–ა წლებს მოაქვს?! – სისულელეა! მერე რა, რომ ბალზაკის ასაკში გაცილებით მეტი იცი სექსუალური თამაშობების შესახებ, მერე რა, თუ 40 წლისა ნაკლებად ცდები ადამიანების ამოცნობაში, ისიც მერე რა, ნახევარი საუკუნისა ჭკუას სხვის შეცდომებზე თუ სწავლობ. მთავარ გამოცდას ბავშვობაში აბარებ, გზაგასაყარზე. ცუდია, რომ არასდროს ვიცით ზუსტად, როდის მთავრდება ბავშვობა. ეს რომ მცოდნოდა, წინა დღით მაინც დავასწრებდი საკუთარი ნებით თუ თავსმოხვეული ცოდნით, წაკითხული წიგნებით, ნანახით და გაგონილით ნელ–ნელა შექმნილ, მაგრამ უკვე ფეხგადგმულ საზღვრებს… ერთი დღით, საათით, წუთით, წამით, ერთი წიგნით, ერთი ამბით, ერთი რჩევით, ერთი მეზობლით, ერთი ომით დამაგვიანდა.. 1991–92 წლებში, 6–7 წლისა ფოთში ვცხოვრობდი. იცით, როგორი იყო მაშინ ფოთი? დასაზღვრულ–განსაზღვრულ–საზღვრული. საზღვარი ყველაფერში – ჭამაში, სიცილში, ლაპარაკში, ურთიერთობებში, გარეთ გასვლაში, დაბანაში, ძილში. საკუთარ სახლშიც კი ვაწესებდით საზღვრებს, დაბომბვისას ყველაზე უსაფრთხოდ სარდაფი მიგვაჩნდა. ჰოდა, ვცხოვრობდით სარდაფში. სანთლის შუქზე ვწერდით მოსკოვში მყოფ მამას წერილებს, რომ გვენატრებოდა, რომ საჩუქრები გვინდოდა და რომ, არ უნდა ჩამოსულიყო. სიფხიზლესაც განსაზღვრული დრო ჰქონდა – სანთლის ჩაწვამდე. მერე ვწვებოდით. ისე მიყვარდა დრო დაწოლიდან დაძინებამდე – ჩემი დრო, ჩემი ოცნებები, თუმცა, მათაც სხვები მისაზღვრავდნენ. მე ხომ სხვების გამო ვოცნებობდი სიმშვიდეზე, სინათლეზე, სხვაგან ცხოვრებაზე. ერთადერთი საკუთარი ოცნება ცისფერთვალება, დიდი, მოლაპარაკე თოჯინა იყო, მამის ჩამოსვლასთან ერთად რომ ამიხდა. რა ადვილია საკუთარი სურვილებით ცხოვრება და მათი ასრულებისთვის ბრძოლა ბავშვისთვის – მშვიდობაზე რომ ოცნებობდა, ადვილი და ხშირად, სამწუხაროდ, უინტერესოც. ჩემს ცისფერთვალება, ლამაზ თოჯინას უბრალოდ „გოგო“ დავარქვი. გოგო გშია? – მაშინ, დაიძინე! წყალი გინდა? – მიდი, ითამაშე! გეძინება? – წამო, გავისეირნოთ. ვძალადობდი? – რათქმაუნდა! ძალადობა ხომ ხშირად შობს ძალადობას ან უმოქმედობას. ახლა ვფიქრობ, რომ უმოქმედობა ყველაზე დიდი ძალადობაა საკუთარი თავის მიმართ. ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, საზღვრებისთვის საზღაურის გადახდა რომ დავიწყე, უფრო სწორედ, როცა შევამჩნიე რომ საზღაურს ვიხდი. თუმცა, ამაზე მერე…მანამდე იყო სკოლა… -“აბა, ბავშვებო გადაშალეთ წიგნები, წაიკითხეთ, დაიმახსოვრეთ, დაიზეპირეთ, ისწავლეთ…“ ჩვენც ვიმახსოვრებდით, ვიზეპირებდით, ვსწავლობდით. ვკითხულობდით და ვყვებოდით წაკითხულის მოკლე შინაარსს, გმირებს კარგებად და ცუდებად, საქციელებს სწორად და არასწორად ვყოფდით, მერე ამაყად ვუყურებდით სკოლის დერეფანში, ხუთოსნების დაფაზე გამოკრულ საკუთარ სურათებს, უზრუნველი და წარმატებული მომავლის გარანტად რომ მიგვაჩნდა. სასაცილო გულუბრყვილობაა?! – გულუბრყვილობა არის, სასაცილოსი აბა რა გითხრათ. სკოლის დამთავრების შემდეგ ყველაზე ხშირად იმაზე ვფიქრობ, ხუთოსნები სწორხაზოვნების გამო ვიყავით თუ სწორხაზოვნები ვიყავით ხუთოსნობის გამო?! არ ვიცი, რომელმა რომელი განაპირობა. ერთადერთი, რაც დანამდვილებით მახსოვს, ისაა რომ დაფაზე გამოკრულ სურათში საშინლად გამოვიყურებოდი. ნეტავ, ახლა სადაა ის სურათი?! დაფა რომ ადგილზეა ვიცი – ახალი სახეებით, სახელებითა და გვარებით. ალბათ, მათაც დაიზეპირეს პითაგორას თეორემა, მენდელეევის ცხრილი, ნიუტონის კანონები, ტურგენევის „მუმუ“, რომ „მარგო – საქართველოა, ხოლო ჯაყო – საზიზღარი დამპყრობელი“… ალბათ, მათაც გაუცრუვდებათ იმედები, საზღაურსაც გადაიხდიან ფიქრების და აზროვნების საზღვრებისთვის, ვიღაცას ეყოფა დრო, ვიღაცას – არა, ზოგი ვერც მიხვდება, რომ სასკოლო „ინკუბატორის“ ერთი რიგითი კურსდამთავრებულია. ხანდახან, მშურს „მიუხვედრებლების“. ეს მაშინ, როცა მგონია, რომ ბედნიერება სიმარტივეშია. იმაზე ხშირად მგონია, ვიდრე მინდა და იმაზე ნაკლებად, რაიმეს შეცვლა რომ მოახერხოს. თქვენ გიყვართ ცვლილებები?! ნებისმიერი ცვლილება: საკონსტიტუციო, საკადრო, საბიუჯეტო, კლიმატური, ემოციური თუ საზოგადოებრივი, ახალი საზღვრების დაწესებაა, ძველის შეკუმშვა ან გაფართოება. პრინციპში, უსაზღვროობა ხომ უჰაერობის „სინონიმია“. გინდა ჰაერი? უკვე საზღვარია – ყველა შემდეგის დასაწყისი და გამომწვევი. არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე მჭირდება საკუთარი ცვლილებები, სახელმწიფოსას ხშირ შემთხვევაში(თითქმის ყოველთვის) ეჭვის თვალით ვუყურებ(სულაც არაა ჩემი ბრალი), ხოლო საზოგადოება არაფერს მთავაზობს. რამდენიმე წლის წინ გეტყოდით, რომ ბედნიერებაა გარდამავალ ეპოქაში ცხოვრება, ახლა კი… რა შორსაა სკანდინავია, არა?! კარლსონი ვერაფრით იქნებოდა ქართველი, ვერც პეპი. ჩვენ ნაცარქექია გვყავს. ჰო, კიდევ კომბლე. „კომბალ-კომბალ, შენსა მზესა, შენი გამომცემლის მზესა, წადი, ჯავრი ამომყარე, ნუ შეარჩენ თმას და წვერსა.“ ისე, რას ვერჩი. ერთი კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, მეორე ნაცარს ქექავს, საწადელს ორივე აღწევს სხვადასხვა ხერხით. უბრალოდ, ახლა კომბლეები და ნაცარქექიები ერთმანეთის პირისპირ დავდექით, მათ კომბლები მოგვიღერეს, ჩვენმა არც ჭყინტმა ყველმა ივარგა და არც ნაცარმა, დაგვიძველდა… და, საერთოდაც, ბევრი რამ დაგვიძველდა. იცით, როგორ ხდება?! ძველი საზღვრები არ გადაგვილახავს, არ წაგვიშლია, ისე დავამატეთ ან დაგვიმატეს ახლები, ამიტომაც, ზოგჯერ საზღაური გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი წილი თავისუფლება. ჰო, საზღაურს ყოველთვის ვიხდით და ყოველთვის თავისუფლების რაღაც ნაწილით. მე, ახლა, უბრალოდ, მგონია, რომ ცოტა დამრჩა, უფრო სწორად, დასაკარგი და გადასახდელი აღარ დამრჩა. ალბათ, ამიტომაც მეშორება სკანდინავია, კარლსონების ქვეყანა… პ.ს. საშიშროება: საზღვრის სამანად ქცევა!  სამანი – თავისუფლება, რომელიც არ გჭირდება. საზღაური, რომელიც არ არსებობს!

Create a free website or blog at WordPress.com.