Annadrouli's Blog

ივნისი 27, 2010

ღია კარების მისტიკა

„მოსავალი ცუდი მოსავლის შემდეგაც უნდა დაითესოს“, არჩევნები „ცუდი“ არჩევნების შემდეგაც უნდა ჩატარდეს, გამარჯვებისთვის დამარცხების მერეც უნდა იბრძოლო, იმედები იმედგაცრუების მიუხედავად უნდა კვებო და განაახლო, ღია კარები ხანდახან უფრო ფართოდ უნდა გააღო, შენთან რომ მოვიდნენ ან მათთან რომ გახვიდე…

მისვლა–მოსვლა – სიტყვებში ერთი ასოს სხვაობა რეალობაში ხშირად გარდაუვალი და დაუძლეველი დაბრკოლება ხდება. მისვლა ცოტას თუ უნდა, უფრო მასპინძლის როლით იხიბლებიან(მასპინძლობა უფლებას გაძლევს საკუთარი პრიორიტეტები, წესები, მოთხოვნები დააყენო). შედეგად, ქართული პოლიტიკური სპექტრი ღია კარებში(ით) ცხოვრობს, საზოგადოება კი – „ზღაპრული“ არჩევნის წინაშე: მარჯვნივ წახვალ – ცოცხალი დარჩები, მარცხნივ წახვალ – მოკვდები, პირდაპირ წახვალ – სიმდიდრეს იშოვნი(ეს ყველაზე უკეთესი ვარიანტია, უმეტეს ზღაპარში სამივე გზა სიკვდილს გვპირდება და ყველაფერი, მიუხედავად არჩევანისა მთავარი გმირის გონიერებასა და იღბალზე ხდება დამოკიდებული).

ამბობენ, გმირების და ბელადების დრო დამთავრდაო. ახლა საერთო იდეის და მიზნების ირგვლივ ხდება ან ცდილობენ გაერთიანებას, მიზანი პრინციპში ერთია – ხელისუფლების შეცვლა(ამბობენ, იმიტომ, რომ მათთვის არა მარტო კონკრეტული ადამიანები არიან მიუღე3ბელნი, არამედ ის სახელმწიფოც, რომლის აშენებასაც „გვთავაზობენ“ და აშენებენ). იდეების შეჯერებაც თავისუფლად შეიძლება: ცვლილებები საარჩევნო გარემოში, რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ყოფილი სახალხო დამცველის „ქართული იდეა“ კი გაცილებით ფართო და მრავლისმომცველია, შესამუშავებელმა დოკუმენტმა ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნება, პროგრესი, უსაფრთხოება, მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის ადგილი უნდა განსაზღვროს.

კარგი და საჭირო იდეააო, ამბობენ, თან იმაშიც გვარწმუნებენ მთელი ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეობა ისედაც ამ იდეებზე იყო დაფუძნებული, ბატონ სოზარს ახალი არაფერი უთქვამს, ეს ხომ ჯერ კიდევ დიდმა ილიამ ბრძანაო. ამ ამბავმა პაულო კოელიოზე ატეხილი აჟიოტაჟი გამახსენა. ჩემ ირგვლივ ბევრი დასცინოდა კოელიოთი გატაცებულ ახალგაზრდებს: მაგათ ეტყობა მარკესი არ წაუკითხავთ, თორემ როგორ მოეწონებოდათ, კოელიო ხომ დიდი კოლუმბიელის გამარტივებული კალკიაო. კი ბატონო, ბევრ მათგანს არ ჰქონდა მარკესი წაკითხული(მათ შორის ბევრი, ალბათ, არც არასდროს წაიკითხავდა), ჰოდა, თანამედროვე სიმარტივით დაწერილი წიგნებიდან თუ იმის ნახევარს მაინც იგრძნობდნენ და იფიქრებდნენ, რაც თქვენ დიდი და რთული ნაწარმოებების კითხვით მოახერხეთ, დასაცინი რატომ იყო დღემდე ვერ მივმხვდარვარ. ასე რომ პირადად ჩემთვის, ამ იდეის პოლიტიკოსებისგან მხოლოდ იმიტომ დაწუნება, რომ უკვე ნათქვამის და დაწერილის ბაზაზეა დაფუძნებული მიუღებელია, სულ სხვა საქმეა საზოგადოებაში გაჩენილი და გასაჩენი შეკითხვები, პროექტის ავტორების და პროექტის განვითარების მიმართ.

მოკლედ, „ქართული“ თუ სხვა, ერის გამთლიანების მისია დაკისრებული იდეების გამართლება–არგამართლებაზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა. უბრალოდ, როცა ყველა გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს და საზოგადოებას(მრავალჯერ იმედგაცრუებულს) საკუთარი მოქმედებებით და განცხადებებით თავადვე უჩენენ ეჭვებს ერთიანობის შესაძლებლობაზე, ნიჰილიზმის და შემგუებლობის გაზრდა მხოლოდ მთავრობას არ უნდა დაბრალდეს. ეჭვები კი ისეთივე ცხადია, როგორც საქართველოს გერბის წარწერა „ძალა ერთობაშია“. მინუს და პლიუს ფორმულები, ცოტნე დადიანობის მოთხოვნა იმ ადამიანისგან, რომლისგანაც ასეთი საქციელი ყველაზე გულუბრყვილოსთვისაც კი წარმოუდგენელია, იმის ნათელი დადასტურებაა, რომ რეალობაში ერთიანი ფრონტის შექმნა თითქმის წარმოუდგენელია, იდეის საჭიროება და მართებულობა კი ვერავის ავიწყებს ავტორის წარსულს და შეცდომებს. ასე რომ უფრო მოსალოდნელი, ალბათ, პარტიების რამდენიმე ჯგუფად და მხარედ გაერთიანებაა, საზოგადოება ისევ დადგება გზაჯვარედინის წინაშე, უკეთესი გზის არჩევა სამწუხაროდ, გონიერებაზე მეტად იღბალზე იქნება დამოკიდებული. ხალხი ბრძენი ან ბრბო კი იმის მიხედვით, ვის როგორ აწყობს და სჭირდება. ისე ოპოზიციასა და ხალხს შორის ერთი დიდი განსხვავებაა. ოპოზიცია ხშირ შემთხვევაში იდეასაც იწუნებს და ერთმანეთსაც, ხალხს მოსწონს იდეა და არ მოსწონს გამხმოვანებელი, ის ვის გერდითაც თვითონ უნდა იქცეს შემსრულებლად. გამოსავალი ნეტავ რაშია?!

„მოსავალი ცუდი მოსავლის შემდეგაც უნდა დაითესოს“, არჩევნები „ცუდი“ არჩევნების შემდეგაც უნდა ჩატარდეს, გამარჯვებისთვის დამარცხების მერეც უნდა იბრძოლო, იმედები იმედგაცრუების მიუხედავად უნდა განაახლო, ღია კარები ხანდახან უფრო ფართოდ უნდა გააღო, შენთან რომ მოვიდნენ ან მათთან რომ გახვიდე… – ოღონდ ეს ყველაფერი უკეთესი მოსავლისთვის, უკეთესი არჩევნებისთვის და უკეთესი მომავლისთვის!

მაისი 7, 2010

ვისია, ვისია ქალი(კაცი) ლამაზი?!

ამბობენ, პოლიტიკა ბინძური საქმეაო. იმდენად ხშირად ამბობენ და არა მარტო ამბობენ, რომ ამ ბოლო დროს ჩემი თავიც გასვრილი მგონია: ყურებით, მოსმენით, ქმედებით თუ უმოქმედობით გასვრილი. თუმცა, მზრუნველმა პოლიტიკურმა პარტიებმა სიბინძურის შეფარვის მშვენიერ ხერხს მიაგნეს, თუ ქალაქში ავარიული და სარემონტო კორპუსები ფერადი ფასადებით გვატყუებენ, პარტიებმა თავიანთი წარსული, აწმყო, მიზნები ქართველი „ფეისებით“ გაალამაზეს. „ფეისი“ ცნობილი, წარმატებული, საყვარელი ადამიანია, ადამიანი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ენდობი და მისგან ტყუილს, ღალატს არ ელი.

ნაციონალურმა მოძრაობამ „ფასადობის“ მძიმე ტვირთი ლაშა იმედაშვილს, ზაზა სანაურიძეს, ზაალ სამადაშვილს, ვახტანგ ნაცვლიშვილს, გიორგი ნემსაძეს, ზურაბ გაჩეჩილაძეს(შონზო) აჰკიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს ეს ტვირთად კი არა პატივად მიაჩნია(ერთი–ორს ალბათ, სრულიად გულწრფელადაც), საზოგადოებას, უკვე გამობრძმედილს, ბევრჯერ იმედგაცრუებულს გულწრფელობაზე მეტად ძალდატანების ვერსია აწყობს. ალბათ, ამიტომაც ვრცელდება ხმები: არ უნდოდა, დააძალეს, დაემუქრნენ, შვილი დაუჭირეს, ბიზნესი გაუჩერეს… იმისდამიუხედავად, მართალია თუ არა, ჩვენ გვჯერა, ან გვინდა გვჯეროდეს. ხელისუფლებისგან ასეთ საქციელს მოველით და მივეჩვიეთ, „სახე(ლ)ების“ გამეტება კი გვიჭირს, მათ რომ გაგვიმეტეს იმის დაჯერებაც გვიჭირს.

ინგა გრიგოლია უკვე სახეებით დაკომპლექტებულ, ჟურნალისტურ პარტიას შეუერთდა. პარტიას, რომელსაც ხშირად ხელისუფლების სატელიტად მოიხსენებენ. ინგას ამ ნაბიჯმა, უფრო სწორად, ხელისუფლებისგან იმის დაშვებამ, რომ ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტი ოპოზიციურ პარტიაში გაწევრიანდა, ეჭვები კიდევ უფრო მეტად გააღრმავა.

გიორგი გურგულია და მიხეილ გომიაშვილი კი გია თორთლაძის არჩევანია. მართალი გითხრათ, ყველაზე მეტად სწორედ ამ ადამიანებისგან გამიკვირდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მათ როდესმე პოლიტიკა დააინტერესებდათ, ალბათ ესეც თავდაცვის ინსტიქტია, ჩემი თავდაცვის.

მსახიობები, სპორტსმენები, ექიმები, ჟურნალისტები, მწერლები… მე არ ვიცი რომელი მათგანი მოვა პოლიტიკაში, მაგრამ, ნებისმიერს აუცილებლად უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ყველაფერ იმაზე, რაც მის პარტიას გაუკეთებია, უთქვამს, დაუპირებია. როდესაც შენ, შენი სიაში ყოფნით აფართოებ ნაცნობობის, მხარდამჭერების წრეს პარტიისთვის, როდესაც შენ მისი ლამაზი, წარმატებული, კეთილი სახე ხარ, 2ჯერ მეტად უნდა აგო პასუხი, თუ განსაცდელში შემიყვანე და 2ჯერ მეტი მადლობა უნდა გითხრა, თუ სწორი არჩევანის გაკეთებაში დამეხმარე. შენ როგორ გგონია, რა უნდა ვუთხრა გია როინიშვილს, გიორგი ასანიძეს, ნუგზარ ერგემლიძეს, რუსუდან კერვალიშვილს…?!

პ.ს. ზაალ სამადაშვილი ჩემი ლექტორი გახლდათ. ლექტორი, რომლის ლექციებიც ძალიან მიყვარდა(განსაკუთრებით, როცა რეზო ინანიშვილზე საუბრობდა). ახლა ბატონი ზაალი საკრებულოს თავმჯდომარეა და ალბათ, კიდევ ერთხელ გახდება. ღირდა კი ბატონო ზაალ?! მე თქვენ დაგკარგეთ, როგორც ლექტორი და ვერ გიპოვნეთ, როგორც ქალაქზე მზრუნველი…

და კიდევ, ინანიშვილზე გამახსენდა, ისე ნუ იზამთ, ყველასათვის სათითაოდ გვექნეს სათქმელი: „ ეგ, როგორ მოიდიხარ გოგო?!“

აპრილი 30, 2010

ლამაზ–ქალაქიც, კამორაც…შორია კანუდოსამდე?!

მართალი გითხრათ, აღარ მახსოვს ლამაზ–ქალაქს მერი თუ ჰყავდა, სამაგიეროდ, მარშალი მახსოვს ძალიან კარგად, ის, ბეტანკური…

ლამაზ–ქალაქში ფერად–ფერადი სახლები იდგა, შადრევნები და მოედნები, თამაშობები უყვარდათ ძლიერ, წელიწადის ოთხივე დროის. ქეიფობდნენ დაუღალავად და დრო გაჰყავდათ და დროს მიჰყავდათ…

დრო კამორაში მძიმე იყო და ცოდვიანი. კამორელები კლავდნენ უბრალოდ, უმიზეზოდ ან იმ მიზეზით ფული რომ ჰქვია, ანდა სულაც ძალაუფლება(შეიძლება გაიგივებაც). ხალხს ეშინოდა კედელს ყურები არ ჰქონოდა, როდესაც რამეს ისე იტყოდა. იქ, კამორაში ტირილს და ყვირილს, ვითომ არც იყო, კეთილხმიანი მუსიკა ცვლიდა და კამორაში, დღისით თუ ღამით, ხუთზე თუ ათზე დარაჯი ჰყავდათ შესახსენებლად, რომ ყველაფერი იყო უბრალოდ, გენიალურად.

ახლა ჩემს ქალაქში ღამის პირველი საათია და ყველაფერი გენიალურადაა. თბილისი წინასაარჩევნო მღელვარებით ცხოვრობს, როდესაც ხელისუფლება უფრო მეტი დაბეჯითებით გვიმტკიცებს, რომ დაპურებულნი ვართ და სანახაობასაც მეტი გულმოდგინებით გვთავაზობს. მერი – მერობის კანდიდატი, უშუალო როგორც კუმეო, უამრავ და მნიშვნელოვან გასაკეთებელ საქმეს გვპირდება და არც უკვე გაკეთებულს გვავიწყებს. ასეთი კი მართლაც ბევრია: დაგებული გზები, შეღებილი ფასადები, მომრავლებული სკვერები და შადრევნები, იაფად დაზღვეულები, უფრო მეტი კომპიუტერის და ინგლისურის მცოდნე, უფრო მეტი წყალი და სინათლე… თბილისს ევროპულ ქალაქს ამსგავსებენ…

თუმცა ევროპული ქალაქის კონტექსტში ჩემთვის მიუღებელი და წარმოუდგენელია ის ხარკი, რომელსაც მხოლოდ ქალაქის იერსახის საპირწონედ ვიხდით: მოკლული ახალგაზრდები და გამოუძიებელი, ხშირად გამართლებული მკვლელობები, სამართლის და კანონის არათანაბარი გამოყენება, სატელეფონო მოსმენები და დამფრთხალი საზოგადოება, შოუებით, ცეკვა–თამაშით გადაფარული პრობლემები და ყოველდღე, 12–ზე, 3–ზე, 6–ზე, 9–ზე იმის მტკიცება, რომ ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი გენიალურადაა.

სულ ხუთი გმირი და თიხის ქალაქს, ოცნებას ბევრის კანუდოსი უწოდეს წიგნში. იქ არც ჰალეა, არც გრანდჰალე , არც გრანდისსიმო. თანასწორობა მხოლოდ ფუჭი სიტყვა როდია, იქ არ წარგწყმედენ, სიკვდილი კი ძმათა ხათრით სიცოცხლეზე მეტია ალბათ. ზე მორეირა, ჟოაო აბდო, სანტოსი, კოსტა და დონ დიეგო, სულ ხუთი გმირი და ხალხი მიხვდა, რომ კანუდოსი მონდომებაა მხოლოდდამხოლოდ და მოინდომეს… კანუდოსი ძნელია და შესაძლებელი. უფრო ადრე კი–შესაცნობელი. კანუდოსი, ღირს რომ გეტკინოს, კამორადაც ღირს, ლამაზ–ქალაქად, ალექსანდრო და მიჩინიო ხომ ჰყავდათ მათაც… კანუდოსი სითამამეა და იმის შექმნა, რისი ღირსიც ხარ.

ახლა – ლამაზ–ქალაქი და კამორა, შორია კანუდოსამდე?!

აპრილი 10, 2010

არჩევანი ჩვენ, არადანიც ჩვენ!

Filed under: პოლიტიკა — annadrouli @ 6:49 PM
Tags:

პირველად არჩევნებში მონაწილეობა 7– 8 წლისამ „მივიღე“, როდესაც იძულებით ბებიაჩემს იმ კანდიდატისთვის მივაცემინე ხმა, რომელსაც  ძალიან კეთილი სახე ჰქონდა.

მეორედ, რევოლუციის შემდეგ,  საქართველოს პრეზიდენტი ავირჩიე, უკვე სრულწლოვანმა ვიცოდი კეთილი სახის არასაკმარისობა და ხმა ნიჭიერებისთვის მივეცი.

მას შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა აღარ მიმიღია.არა რაიმე პროზაული მიზეზების გამო, უბრალოდ ხან არ მეცალა, ერთხელ ყინავდა, ბავშვს ვერავის ვუტოვებდი… არჩევნებმა უჩემოდაც ჩვეულებრივ ჩაიარა, ისე როგორც მოველოდი და ისედაც, რომ არ ველოდი.

ერთ თვეში ახალი არჩევნებია, ბავშვი გაიზარდა, ყინვა არ იქნება, არა მგონი რაიმე გადაუდებელი საქმე მქონდეს, მოკლედ არაფერი მიშლის ხელს, გარდა “პროზაული “ მიზეზებისა.

არ მიყვარს როცა მატყუებენ, მიყენებენ, თვალს მიხვევენ, მემუქრებიან, იმედებს მიცრუებენ, ზევიდან მიყურებენ, ბრბოს მეძახიან ან მექცევიან ისე, როგორც ბრბოს. არ მომწონს როდესაც სიკეთე, , გულისხმიერება, თანაგრძნობა არჩევნების მერე სადღაც ქრება  და იკარგება მომდევნო არჩევნებამდე. ყველაზე მეტად კი ნიჭიერების მეშინია, ნიჭიერი ბოროტების, ნიჭიერი ტყუილის, ნიჭიერების, რომელიც მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე იხარჯება და ქვეყანას ბუმერანგივით უბრუნდება.

მე კარგად ვიცი, როგორი პრეზიდენტი, მერი, პარლამენტარი არ მინდა,  გაცილებით ძნელია ამ თანამდებობებისთვის აუცილებელი, საჭირო და სასურველი თვისებების შეჯერება და შემდეგ ამ თვისებების კონკრეტულ კანდიდატში აღმოჩენა. იმდენად ძნელი რომ, ხშირად ჩვენ, ამომრჩევლები კი არ ვუწესებთ კანდიდატებს  მოთხოვნებს,  იქეთ ვერგებით მათ და არჩევანს ვაკეთებთ ცუდსა და ცუდს, ცუდსა და უარესს შორის, თითქოს კარგი არ არსებობს, ან იქნებ მართლა არ არსებობს?!

ხმის მიცემა ჩემი უფლებაცაა და მოვალეობაც, ჩვენ ხომ დემოკრატიულ  სახელმწიფოში ვცხოვრობთ, კარებს არავინ მირაზავს, არჩევნებზე არ წახვიდეო, იმასაც კი მპირდებიან შენი ხმა  დაცული იქნებაო, კიდევ იაფ გაზს მპირდებიან, იაფ დენს, ცვლილებებს, გაზრდილ პენსიას, სამუშაო ადგილებს, სკანდალურ შოუებს საკრებულოში, ღირსების დაბრუნებასაც დამპირდნენ, ერთადერთი 20 ლარი და ტომარა ფქვილი არ შემოუთავაზებია ჯერჯერობით არავის.

მე ყოველდღე გიყურებთ და ყოველდღე გკითხულობთ, ვხედავ როგორც ცდილობთ გაერთიანდეთ, როგორ ირჩევთ კანდიდატს სახალხო გამოკითხვების გზით, როგორ აშენებთ ხიდებს, აგებთ გზებს, ფორმულებიც ვიცი: პლიუსიც და მინუსიც, კომერსანტსაც ვკითხულობ…

და რაც უფრო მეტს ვიგებ, რაც უფრო მეტს გისმენთ, მით უფრო მეტად ვიბნევი. მე არ მინდა ხმის მიცემა მარტო ლამაზი ხალის, ქარიზმატულობის, წიგნიერების, გამოცდილების, სიდინჯის, უშუალობის, წარმატებული გადაცემების გამო, არც შეჩვეული ჭირი მირჩევნია შეუჩვეველ ლხინს, მაგრამ ისიც არ ვიცი ლხინი რომელია, ან ნაკლები ჭირი მაინც.

სადღაც წამიკითხავს, რომ თანამედროვე ადამიანს განსაზღვრავს სამი რამ: პატიოსნება, გონიერება და პარტიულობა. მაგრამ, ორის თანაარსებობა გამორიცხავს მესამეს. ანუ, თუ ხარ პარტიული და გონიერი, არ ხარ პატიოსანი. თუ ხარ პარტიული და პატიოსანი, არ ხარ გონიერი. თუ ხარ გონიერი და პატიოსანი, არ ხარ პარტიული. და მე თუ პატიოსანსა და პარტიულს, პარტიულსა და გონიერს შორის უნდა ავირჩიო, პირველი ვარიანტი მირჩევნია, რადგან ცალკე გონიერება ყოველთვის არ ნიშნავს პატიოსნებას, პატიოსანი კი ყოველთვის გონიერია, მან ხომ სწორი გზა აირჩია.

არჩევნებამდე ერთი თვეა. მე ალბათ ისევ გიყურებთ, ისევ მოგისმენთ. ვეცდები ამოგიცნო, გენდო, დაგიჯერო. ერთ თვეში არჩევნებზე მოვდივარ და არ მინდა ბავშვობაში დაბრუნება, ალალბედზე, გამართლების იმედით გათვლა: „ესა, მესა, გადის ესა!“

Blog at WordPress.com.