Annadrouli's Blog

აპრილი 30, 2010

ლამაზ–ქალაქიც, კამორაც…შორია კანუდოსამდე?!

მართალი გითხრათ, აღარ მახსოვს ლამაზ–ქალაქს მერი თუ ჰყავდა, სამაგიეროდ, მარშალი მახსოვს ძალიან კარგად, ის, ბეტანკური…

ლამაზ–ქალაქში ფერად–ფერადი სახლები იდგა, შადრევნები და მოედნები, თამაშობები უყვარდათ ძლიერ, წელიწადის ოთხივე დროის. ქეიფობდნენ დაუღალავად და დრო გაჰყავდათ და დროს მიჰყავდათ…

დრო კამორაში მძიმე იყო და ცოდვიანი. კამორელები კლავდნენ უბრალოდ, უმიზეზოდ ან იმ მიზეზით ფული რომ ჰქვია, ანდა სულაც ძალაუფლება(შეიძლება გაიგივებაც). ხალხს ეშინოდა კედელს ყურები არ ჰქონოდა, როდესაც რამეს ისე იტყოდა. იქ, კამორაში ტირილს და ყვირილს, ვითომ არც იყო, კეთილხმიანი მუსიკა ცვლიდა და კამორაში, დღისით თუ ღამით, ხუთზე თუ ათზე დარაჯი ჰყავდათ შესახსენებლად, რომ ყველაფერი იყო უბრალოდ, გენიალურად.

ახლა ჩემს ქალაქში ღამის პირველი საათია და ყველაფერი გენიალურადაა. თბილისი წინასაარჩევნო მღელვარებით ცხოვრობს, როდესაც ხელისუფლება უფრო მეტი დაბეჯითებით გვიმტკიცებს, რომ დაპურებულნი ვართ და სანახაობასაც მეტი გულმოდგინებით გვთავაზობს. მერი – მერობის კანდიდატი, უშუალო როგორც კუმეო, უამრავ და მნიშვნელოვან გასაკეთებელ საქმეს გვპირდება და არც უკვე გაკეთებულს გვავიწყებს. ასეთი კი მართლაც ბევრია: დაგებული გზები, შეღებილი ფასადები, მომრავლებული სკვერები და შადრევნები, იაფად დაზღვეულები, უფრო მეტი კომპიუტერის და ინგლისურის მცოდნე, უფრო მეტი წყალი და სინათლე… თბილისს ევროპულ ქალაქს ამსგავსებენ…

თუმცა ევროპული ქალაქის კონტექსტში ჩემთვის მიუღებელი და წარმოუდგენელია ის ხარკი, რომელსაც მხოლოდ ქალაქის იერსახის საპირწონედ ვიხდით: მოკლული ახალგაზრდები და გამოუძიებელი, ხშირად გამართლებული მკვლელობები, სამართლის და კანონის არათანაბარი გამოყენება, სატელეფონო მოსმენები და დამფრთხალი საზოგადოება, შოუებით, ცეკვა–თამაშით გადაფარული პრობლემები და ყოველდღე, 12–ზე, 3–ზე, 6–ზე, 9–ზე იმის მტკიცება, რომ ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი გენიალურადაა.

სულ ხუთი გმირი და თიხის ქალაქს, ოცნებას ბევრის კანუდოსი უწოდეს წიგნში. იქ არც ჰალეა, არც გრანდჰალე , არც გრანდისსიმო. თანასწორობა მხოლოდ ფუჭი სიტყვა როდია, იქ არ წარგწყმედენ, სიკვდილი კი ძმათა ხათრით სიცოცხლეზე მეტია ალბათ. ზე მორეირა, ჟოაო აბდო, სანტოსი, კოსტა და დონ დიეგო, სულ ხუთი გმირი და ხალხი მიხვდა, რომ კანუდოსი მონდომებაა მხოლოდდამხოლოდ და მოინდომეს… კანუდოსი ძნელია და შესაძლებელი. უფრო ადრე კი–შესაცნობელი. კანუდოსი, ღირს რომ გეტკინოს, კამორადაც ღირს, ლამაზ–ქალაქად, ალექსანდრო და მიჩინიო ხომ ჰყავდათ მათაც… კანუდოსი სითამამეა და იმის შექმნა, რისი ღირსიც ხარ.

ახლა – ლამაზ–ქალაქი და კამორა, შორია კანუდოსამდე?!

4 Comments »

  1. მედლის ორი მხარე (ან ხაჭაპურის)

    კომენტარი ავტორი duelianti — აპრილი 30, 2010 @ 1:39 PM | პასუხი

  2. რატომღაც არავის გახსენებია აქამდე დოჩანაშვილი და მისი “სამოსელი პირველი”. საინტერესო შედარებები გაქვს, საინტერესო პარალელები. რაც მთავარია ის მომეწონა, რომ როგორც განიცდი, ისე წერ. ასე კი არ ფიქრობ, ასე განიცდი.

    კომენტარი ავტორი გიორგი კალატოზიშვილი — მაისი 1, 2010 @ 9:59 AM | პასუხი

  3. როგორ მიყვარს “სამოსელი პირველი…”
    მახსოვს პატარა ვიყავი რომ წავიკითხე და ძალიან მომეწონა, ვფიქრობდი რომ ყველაფერი გავიგე რაც გასაგები იყო და მიკვრიდა ზოგი რომ ამბობდა კარგად ვერ ჩავწვდი რაღაცეებსო..

    ამ ზაფხულს კიდე ერთხელ ჩამივარდა ეს წიგნი ხელში, არ შემეძლო მეორედაც რომ არ გადამეკითხა, დავჯექი და… არ ავმდგარვარ საერთოდ. სულმოუთქმელად, ერთ დღეში დავამთავრე…

    და მივხვდი რომ ვერაფერიც ვერ გამიგია პირველად როცა წავიკითხე მაშინ!!!

    ეს სულ სხვა იყო…

    და ისიც ვიცი ზუსტად რომ მესამედ რომ წავიკითხავ, ალბათ ისევ რამდენიმე წლის ემრე, ისევ ასეთი გრძნობა გამიჩნდება!!! დაუსრულებელი წიგნია!

    პ.ს. მშვენიერი პოსტია!

    კომენტარი ავტორი SaLoMea_Mze — მაისი 25, 2010 @ 4:25 PM | პასუხი

  4. მომეწონა ძალიან, სამოსელი პირველი ის წიგნია რომლის წაკითხვის შემდეგაც კარგა ხანი სხვა წიგნი ვერ ავიღე ხელში, ყოველ წაკითხვაზე მეტ აღმოჩენას ვაკეთებ და ეს არის წიგნი რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველამ

    კომენტარი ავტორი თინათინი — მაისი 16, 2013 @ 10:23 AM | პასუხი


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.