Annadrouli's Blog

აპრილი 30, 2010

ლამაზ–ქალაქიც, კამორაც…შორია კანუდოსამდე?!

მართალი გითხრათ, აღარ მახსოვს ლამაზ–ქალაქს მერი თუ ჰყავდა, სამაგიეროდ, მარშალი მახსოვს ძალიან კარგად, ის, ბეტანკური…

ლამაზ–ქალაქში ფერად–ფერადი სახლები იდგა, შადრევნები და მოედნები, თამაშობები უყვარდათ ძლიერ, წელიწადის ოთხივე დროის. ქეიფობდნენ დაუღალავად და დრო გაჰყავდათ და დროს მიჰყავდათ…

დრო კამორაში მძიმე იყო და ცოდვიანი. კამორელები კლავდნენ უბრალოდ, უმიზეზოდ ან იმ მიზეზით ფული რომ ჰქვია, ანდა სულაც ძალაუფლება(შეიძლება გაიგივებაც). ხალხს ეშინოდა კედელს ყურები არ ჰქონოდა, როდესაც რამეს ისე იტყოდა. იქ, კამორაში ტირილს და ყვირილს, ვითომ არც იყო, კეთილხმიანი მუსიკა ცვლიდა და კამორაში, დღისით თუ ღამით, ხუთზე თუ ათზე დარაჯი ჰყავდათ შესახსენებლად, რომ ყველაფერი იყო უბრალოდ, გენიალურად.

ახლა ჩემს ქალაქში ღამის პირველი საათია და ყველაფერი გენიალურადაა. თბილისი წინასაარჩევნო მღელვარებით ცხოვრობს, როდესაც ხელისუფლება უფრო მეტი დაბეჯითებით გვიმტკიცებს, რომ დაპურებულნი ვართ და სანახაობასაც მეტი გულმოდგინებით გვთავაზობს. მერი – მერობის კანდიდატი, უშუალო როგორც კუმეო, უამრავ და მნიშვნელოვან გასაკეთებელ საქმეს გვპირდება და არც უკვე გაკეთებულს გვავიწყებს. ასეთი კი მართლაც ბევრია: დაგებული გზები, შეღებილი ფასადები, მომრავლებული სკვერები და შადრევნები, იაფად დაზღვეულები, უფრო მეტი კომპიუტერის და ინგლისურის მცოდნე, უფრო მეტი წყალი და სინათლე… თბილისს ევროპულ ქალაქს ამსგავსებენ…

თუმცა ევროპული ქალაქის კონტექსტში ჩემთვის მიუღებელი და წარმოუდგენელია ის ხარკი, რომელსაც მხოლოდ ქალაქის იერსახის საპირწონედ ვიხდით: მოკლული ახალგაზრდები და გამოუძიებელი, ხშირად გამართლებული მკვლელობები, სამართლის და კანონის არათანაბარი გამოყენება, სატელეფონო მოსმენები და დამფრთხალი საზოგადოება, შოუებით, ცეკვა–თამაშით გადაფარული პრობლემები და ყოველდღე, 12–ზე, 3–ზე, 6–ზე, 9–ზე იმის მტკიცება, რომ ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი გენიალურადაა.

სულ ხუთი გმირი და თიხის ქალაქს, ოცნებას ბევრის კანუდოსი უწოდეს წიგნში. იქ არც ჰალეა, არც გრანდჰალე , არც გრანდისსიმო. თანასწორობა მხოლოდ ფუჭი სიტყვა როდია, იქ არ წარგწყმედენ, სიკვდილი კი ძმათა ხათრით სიცოცხლეზე მეტია ალბათ. ზე მორეირა, ჟოაო აბდო, სანტოსი, კოსტა და დონ დიეგო, სულ ხუთი გმირი და ხალხი მიხვდა, რომ კანუდოსი მონდომებაა მხოლოდდამხოლოდ და მოინდომეს… კანუდოსი ძნელია და შესაძლებელი. უფრო ადრე კი–შესაცნობელი. კანუდოსი, ღირს რომ გეტკინოს, კამორადაც ღირს, ლამაზ–ქალაქად, ალექსანდრო და მიჩინიო ხომ ჰყავდათ მათაც… კანუდოსი სითამამეა და იმის შექმნა, რისი ღირსიც ხარ.

ახლა – ლამაზ–ქალაქი და კამორა, შორია კანუდოსამდე?!

Blog at WordPress.com.